„ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია იქ და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერის შეფასებით, სამხედრო გადატრიალებები, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რაც შეიძლება ამ სიტუაციიდან საქართველოსთვის მომდინარეობდეს; განიხილეს საზღვრებზე არსებული ვითარება და გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაცია.
„ჩვენ ვურჩევდით ჩვენს მოქალაქეებს, მანამ, ვიდრე სიტუაცია დასტაბილურდება, და დიდი იმედი გვაქვს, საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობისგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. თურქეთის მიმართულებით მგზავრობა მიზანშეწონილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ვითარება სტაბილური არ არის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს ასევე დაუსვეს კითხვა, შექმნილ ვითარებაში, ხომ არ არის საფრთხე მოსალოდნელი რუსეთისგან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ წუთას ასეთი საფრთხე არ ჩანს, თუმცა, ყველა საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული უნდა იყოს.
„სამწუხარო განცხადებები იყო, რაც ჩვენთვის ნამდვილად შემაშფოთებელია. ვაანალიზებთ სიტუაციას ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც უსაფრთხოების ზომებზე ვიმსჯელეთ, თუმცა, ამ წუთას რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე არ ჩანს. ჩვენ, უნდა ვიყოთ ყურადღებით, ყველა საზღვართან მიმართებაში და უნდა გვქონდეს გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები ამ სიტუაციაში. ასეა ამჟამად და, უახლოეს მომავალში, ვიდრე სიტუაცია არ შეიცვლება, ასე დარჩება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიხეილ ჯანელიძე, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ბოლო საპანელო განხილვებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციის იმ 30-მდე მონაწილის სამშობლოში დაბრუნების საკითხებს აგვარებს, რომლებმაც, თურქეთში შექმნილი ვითარების გამო, სტამბოლის გავლით, გაფრენა ვერ შეძლეს.
თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, მათ შორის 161 ადამიანი სამოქალაქო პირია, რომელთაგან 20 „შეთქმულების მონაწილე“ იყო. დანარჩენი 104 „შეთქმულების მონაწილე“, რომელიც დაიღუპა - სავარაუდოდ ჯარისკაცები - მსხვერპლის საბოლოო რიცხვს 265-მდე ზრდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.