ვიქტორ ჯაფარიძე: მესტიას და ლენტეხს პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" აუცილებლად ან მაჟორიტარი ან პარტიული სიით გასული დეპუტატი მაინც უნდა ჰყავდეს
20-07-2016, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართულმა ოცნებამ" დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები იმერეთის ოლქებში უკვე წარადგინა. პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში სამეგრელოს ოლქების კანდიდატებიც დასახელდებიან, თუმცა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მესტიის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო ოლქის გაუქმების და სხვა მუნიციპალკაიტეტებთან მიერთების გამო კანდიდატის დასახელება არ მოხდება. ახალი საარჩევნო კოდექსით, საქართველოში გეოგრაფიული არეალით ყველაზე მსხვილი საარჩევნო ოლქი – მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის ოლქების გაერთაინების ხარჯზე შეიქმნა და აღნიშნულ 5 მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

 

 

ზემო და ქვემო სვანეთისა და რაჭა–ლეჩხუმის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატად ამბროლაურის მოქმედი დეპუტატი, 2012 წლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი გოჩა ენუქიძე მოიაზრება, რაც Guardian.ge-სთან საუბრისას ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ხაბულიანმა ცოტა ხნის წინათაც და დღესაც დაადასტურა. ხაბულიანის თქმით, გოჩა ენუქიძის წარდგენა 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

 

 

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ "ქართული ოცნება" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს წარადგენს, წარდგენა 5 აგვისტოს არის დაგეგმილი", – განაცხადა ხაბულიანმა. თუმცა აღნიშნულ ერთიან ოლქში "ქართული ოცნებიდან" წარდგენის იმედს არ კარგავს მესტიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც 2012 წელს სწორედ კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ იყო დასახელებული მესტიის საარჩევნო ოლქში კანდიდატად და მაშინდელი ხელისუფლების, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კანდიდ კვიციანი დაამარცხა.

 


როგორც Guardian.ge–ს ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა, "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებს ჯერ კიდევ მართავს და იმედი აქვს, რომ მისი კანდიდატურის წარდგენა გადაწყდება. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზემო და ქვემო სვანეთი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლის გარეშე არ უნდა დარჩეს და 5 მუნიციპალიტეტისაგან გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კანდიდატად ან მესტიის ან ლენტეხის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატებიდან ერთ–ერთი უნდა დასახელდეს, უკიდურეს შემთხვევაში კი ამ რეგიონიდან მმართველ პარტიას გამსვლელ პროპორციულ სიაში მაინც უნდა ჰყავდეს ჩასმული წარმომადგენელი.

 

 

"სრულ მზადყოფნას ვაცხადებ იმისათვის, რომ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" სახელით კენჭი ვიყარო", – განუცხადა Guardian.ge–ს მესტიის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ და დამატა: "კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მაქვს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პარტიამ უნდა მიიღოს. მე შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ მოვიქცე ისე, როგორც ამას პარტია ჩათვლის საჭიროდ... ალბათ, იქნება სხვა კანდიდატურების განხილვაც, როგორ შეიძლება რომ არ იყოს. ამ საკითხზე, ერთობლივად შევჯერდებით".

 

 

ვიქტორ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ 5 საარჩევნო ოლქის გაერთიანება ერთჯერადია. "სხვა გზა არ იყო, ეს გაერთიანება რომ არ მომხდარიყო, თუმცა არასწორია. როდესაც "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა საკანონმდებლო ორგანოში, შეცვლის არსებულ სისტემას და აღარ იქნება ასეთი გაერთიანებები", – აღნიშნავს იგი.

 

 

"იმას, რომ სვანეთი დარჩეს წარმომადგენლის გარეშე პარლამენტში, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს. ან მაჟორიტარ კანდიდატად იქნება ან გამსვლელ სიაში სვანეთის წარმომადგენელი. სვანეთზე საუბრისას მე ვგულისხმობ ლენტეხსა და მესტიას ერთად. განვლილმა ოთხმა წელიწადმა დამარწმუნა ამაში. მე ვიყავი სვანეთის ერთ-ერთი წარმომადგენელი და აუცილებელია, რომ ისევ ჰყავდეს სვანეთს თავისი წარმომადგენელი და არამარტო სვანეთს, ყველა კუთხეს სჭირდება".

 

 

ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ იმ შემთხევაში თუ "ქართული ოცნება" მის კანდიდატურაზე არ შეჩერდება, ის სხვა პოლიტიკური ძალიდან კენჭისყრას გამორიცხავს და მაინც მმართველი პარტიის გვერდით იდგება.

 

 

"გამორიცხეთ, რომ მე სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შევუერთდე. მე ამ სტილის კაცი არ ვარ, მე წესიერი კაცის წესიერი თამაშით ვთამაშობ, ამიტომ ეს გამორიცხულია. დღეს ამ პარტიაში ვარ, რაღაცაზე გავბრაზდე და გადავიდე, ეს არ შემიძლია. ვიმეორებ, მე სხვა პარტიაში გამორიცხულია, რომ გადავიდე".

 

 

"ქართული ოცნების" პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შანსებზე კომენტირებისას კი მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა:

 

 

"დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შევა და არ მოუწევს კოალიციური მთავრობის შექმნა, რადგან ახლა კოალიციის შექმნა არ იქნება კარგი ქვეყნისთვის. თუ მაინც მოუწია პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა, ეს ძალიან ცუდი იქნება. არ ვართ ჩვენ კოალიციური მთავრობისთვის მზად. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და გავიმარჯვებთ ერთად",– აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი