ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვეენტაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია.
ამის შესახებ მან გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო.
„საქართველო ნათელი მაგალითია, რამდენად რთულია ამ სენის მოშორება. მიზეზი, ალბათ, განვლილი პერიოდია. 90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი და საქართველოში ერთადერთი ვალუტა, რომელსაც გადახდისა და დაგროვების ფუნქციის შესრულება შეეძლო, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოჰყვება", - აცხადებს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
მისი თქმით, ამ მიმართულებით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც.
„თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს. ვმუშაობთ, რომ მსესხებლებს, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისგან, უცხოურ ვალუტაში სესხის თავისუფლად აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. ასეთი სახის რეგულაციებს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს - სესხის გარკვეული მოცულობა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმითვე, მეორე მხრივ, თუკი ადამიანი ბანკიდან დოლარში სესხს ვერ მიიღებს, შესაძლოა არასაბანკო ორგანიზაციებს მიმართოს და ამან უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
„ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთანავე, თუკი შესაძლებელია, რომ დოლარში სესხის აღების მსურველს ირიბი საშუალებებით შევაცვლევინოთ აზრი, სჯობს, ეს მეთოდი გამოვიყენოთ. ჩვენსავე ინტერესშია, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც სესხების მოცულობის ზრდას კვალს არ დამჩნევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ყველა დეტალზე აქტიურად ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ დედოლარიზაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სტაბილურობას აიგივებს უცხოურ ვალუტასთან, რაც ასე არ არის. ზოგჯერ შეიძლება არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც მივიღოთ, მაგრამ აუცილებელია, რომ არ ვუყუროთ მხოლოდ დღევანდელ დღეს. ეს მოგვცემს იმის საშუალება, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით, გრძელვადიან პერიოდში მივიღოთ სასურველი შედეგი", - განაგრძობს რესპონდენტი.
მისი შეფასებით, ზოგჯერ, უბრალოდ, შეუძლებელია ისაუბრო, თუ რატომ მოხდა გაუფასურება, ამ ყველაფერზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
"ხშირად არის პრეტენზია, როდესაც კურსის მერყეობა ხდება, ეროვნული ბანკი კომენტარს რატომ არ აკეთებს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. ზოგჯერ, უბრალოდ, შეუძლებელია ისაუბრო, თუ რატომ მოხდა გაუფასურება, ამ ყველაფერზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეროვნულ ბანკს შეუძლია, ტექნიკურად, დიდი ინტერვენცია განახორციელოს და ჩაახშოს ის მოვლენა, რომელიც გაუფასურებაზე მოქმედებს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნეგატიური ფაქტორების უფრო მეტად დაგროვება ხდება. ერთხელ დავიცავთ კურსს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდება. ერთბაშად იფეთქებს და ვალუტის უფრო მასშტაბურ გაუფასურებასა და ზიანს მივიღებთ. ეროვნული ბანკი კურსის მოკლევადიანი მერყეობის დაბალანსებაში არ ერევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კურსის გადამეტებული მერყეობა რამე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით არის გამოწვეული", - განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კობა გვენეტაძის თქმით, როდესაც ლარი მყარდებოდა, ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა ჩარეულიყო და დოლარი არ უნდა შეესყიდა, რეალურად გამყარება დაიწყო უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ამის ფუნდამენტური საფუძველი არსებობდა და მისი განმარტებით, ამიტომ გახდა საჭირო ჩარევა.
„ახლა ამბობენ, რომ როდესაც გაუფასურების პროცესი დაიწყო, უცხოური ვალუტა მაშინვე უნდა გაგვეყიდა. ამის პროპორციული აღქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი მიდგომა, გრძელვადიან პერიოდში, ლარის სტაბილურობას ხელს ვერ შეუწყობს. 2007 წელს, როდესაც ლარი მყარდებოდა, მაშინაც აკრიტიკებდნენ ეროვნულ ბანკს. ორივე შემთხვევაში ვიღაც იქნება უკმაყოფილო. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ და კურსს ერთ ნიშნულზე ვერ გავაჩერებთ. გასაგებია, რომ დიდი მერყეობა არასასურველია და უკვე აღვნიშნე, პრევენციისთვის რაც არის საჭირო. შარშან მოხდა ჩარევა ინტერვენციებით, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ეროვნული ბანკი იყენებს. ზოგადად, ალბათ, მაინც დროის ამბავია, უნდა შევეჩვიოთ გაცვლითი კურსის ორმხრივ მოძრაობას, რადგანაც კურსის ხელოვნური გაჩერება უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას შეგვიქმნის და მოგვიანებით უფრო დიდ შესწორებას მოითხოვს". - ამბობს გვენეტაძე.
შეკითხვას - "ცოტა ხნის წინათ, როდესაც ლარი დოლარის 2,12 ნიშნულიდან 2,36 ნიშნულამდე გაუფასურდა, საზოგადოება ითხოვდა, რომ ეროვნულ ბანკს განმარტება გაეკეთებინა, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა შეგიძლიათ უთხრათ მოსახლეობას, რამ გამოიწვია ასეთი დიდი ნახტომი?" - პასუხობს:
"დავიწყოთ იმით, რომ გაზაფხულიდან ექსპორტის, გადმორიცხვების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. იმპორტი ისევ მცირდებოდა, ამასთანავე იზრდებოდა შემოსავლები ტურიზმიდან. ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა გამყარების დაწყების საფუძველი, რასაც დაემატა აჟიოტაჟი. შეიქმნა მოლოდინი, რომ მკვეთრი გამყარება მოხდებოდა და ეს პროცესი ასევე გაგრძელდებოდა, მსგავსი რამ ეკონომიკაში არ არსებობს. ამიტომ ყველა ცდილობდა, დოლარი მოეშორებინა. შედეგად ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გამყარდა, ვიდრე ამის ობიექტური საფუძველი არსებობდა. ამიტომ გახდა ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო. რომ არ ჩავრეულიყავით, ლარი უფრო მეტად გამყარდებოდა, საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა ობიექტურ ნიშნულს. ასეთ შემთხვევაში გაუფასურების ამპლიტუდა გაცილებით დიდი იქნებოდა. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ეკონომიკური კონიუნქტურის ნაწილი და აჟიოტაჟი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით",-აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.