დაბრუნდება თუ არა ნიკო ლეკიშვილი პოლიტიკაში, ამას უახლოეს პერიოდში თავად გაახმაურებს. როგორც მან Guardian.ge–ს განუცხადა, შემოთავაზებები არაერთი პოლიტიკური პარტიიდან აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი სახელით კენჭი იყაროს როგორც დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, მაგრამ ჯერ არც ის აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დათანხმდეს აღნიშნულ წინადადებაზე, არც ის, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, თუ საერთოდ უარი თქვას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ამ ეტაპზე მისი პოლიტიკაში დაბრუნების შანსი "50/50–ზეა", თუმცა იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთი რამ უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი – იგი მასმედიის საშუალებით აქტიურად დააფიქსირებს თავის მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მოვლენებზე.
Guardian.ge გთავაზობთ ბატონ ნიკო ლეკიშვილთან ინტერვიუს, რომელიც მასთან დღეს მობილური ტელეფონის მეშვეობით ჩაწერა.
Guardian.ge: ბატონო ნიკო, ხომ არ მიგიღიათ საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პოლიტიკური პარტიიდან იყრით კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად?
ნიკო ლეკიშვილი: ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ ამ საკითხის გარშემო. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, გამოვაცხადებ, აუცილებლად ჩავატარებ პრესკონფერენციას.
G: სავარაუდოდ როდის მიიღებთ ამის შესახებ გადაწყვეტილებას?
ნ.ლ: ჯერ დროა, საკმარისი დრო არის ჯერ.
G: დამოუკიდებელ კანდიდატად წარსდგებით თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან?
ნ.ლ: შესაძლებელია, რომ დამოუკიდებლადაც კი ვიყარო კენჭი. შეიძლება არც გადავწყვიტო, ჯერ კიდევ ფიქრებში ვარ.
G: ამბროლაურის და მასთან გაერთიანებული სხვა მუნიციპალიტეტების ერთიან მაჟორიტარულ ოლქში ხომ არ გიფიქრიათ კენჭისყრა?
ნ.ლ: მე აბროლაურშიც ვიყავი მაჟორიტარი და დიდუბეშიც. ამჯერად, თუ გადავწყვიტე კენჭისყრა, დიდუბეში პლეხანოვზე ვიყრი კენჭს".
G: წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, როგორ ფიქრობთ რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსები?
ნ.ლ.: არჩევნების შემდეგ პარლამენტში რამდენიმე პარტია გავა, "ქართული ოცნება" ბუნებრივია ყველაზე მეტს გაიყვანს, "პატრიოტთა ალიანსი" გავა, პაატა ბურჭულაძეც გავა, ჩემი აზრით. ასევე აქვს შანსები ალასანიას, ბურჯანაძეს, "ნაციონალებს".
G: ბატონო ნიკო, როდის გამართავთ პრესკონფერენციას, რომელზეც თქვენი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადებთ?
ნ.ლ.: მე ახლა რაჭაში ვარ, სოფელში. დაახლოებით მომავალ შუა კვირაში ჩამოვალ თბილისში და ალბათ ამის მერე იქნება ყველაფერი უფრო ნათელი, არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. მე საერთოდ ვაპირებ ვიაქტიურო, გამოვიდე, ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა. ვიყრი თუ არა კენჭს, და შევალ თუ არ შევალ პარლამენტში, ამას მაინც ვაპირებ. ასე რომ, აქტიური ვიქნები. გეტყვით იმასაც, თუ როგორ დაიწყო ამ ყველაფერზე საუბარი. ყველაზე პირველად იყო ძალიან დიდი შეხვედრა აღამაშენებელზე "პლეხანოველების" და იქ დაისვა ეს საკითხი. რომელიმე პოლიტიკური პარტია კი არ იყო, უბრალოდ ხალხთან შეხვედრა იყო. დაახლოებით 250 კაცი იყო და იქ წარმოიშვა აზრი, რომ იქნებ კენჭი მეყარა. არ ვმალავ, რომ 9 პოლიტიკურ ორგანიზაციასთან მქონდა კონსულტაცია, თუმცა, ჩემი ინიციატივით არა. ყველას ვეუბნებოდი მე, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი და ვნახოთ. როცა გამოვალ, ამ პარტიებსაც დავასახელებ და გადავუხდი მადლობას, თავისთავად ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ასეთი კონსულტაციები გაიმართა. მაგრამ მე ჯერ ვერ მივიღე გადაწყვეტილება მთელი რიგი მომენტების გამო. მაქვს ჩემი რაღაც არგუმენტები, ჩემი მოსაზრებები და ჯერჯერობით ვაკვირდები ვითარებას. მაჟორიტარობის გარდა, მთავაზობენ პარტიულ სიაში ყოფნასაც. მე ყოველთვის ვიყავი მაჟორიტარი კანდიდატი – სამჯერ დიდუბეში, სამჯერვე დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი, ორჯერ რაჭაში, ორჯერვე იქაც დამოუკიდებელი კანდიდატი. ახლაც მაჟორიტარობა უფრო მხიბლავს.
G: მაინც რომელი პოლიტიკური ძალებისა და ფიგურებისკენ იხრება თქვენი სიმპათიები?
ნ.ლ: მე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ "ოცნებას". ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ამიტომ ჩემი სიმპათიები არის მათ მხარეს. პატივს ვცემ ასევე "პატრიოტთა ალიანსს", რადგან იქ არიან ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები. პიროვნული სიმპათიები მაქვს კახა შარტავას მიმართ, კახა იგივე ჩემი ძმისშვილივით არის. პოლიტიკური სიმპათიების გარდა, ადამიანურ ურთიერთობებსაც ძალიან ვუფრთხილდები და ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
Guardian.ge: მიიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თქვენი სიმპათიების მიხედვით?
ნიკო ლეკიშვილი: კონკრეტულმა პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, მე ჩემს თავს ხომ ვერ ჩავწერ მათ სიაში (იცინის). არის შემოთავაზებები და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ. სიმართლე გითხრათ, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების შანსი არის 50/50–ზე. აი, როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, ავხსნი, თუ რატომ კი, და რატომ არა. მაგრამ ჩემს პოლიტიკურ აქტივობას მე ვინ მიშლის. მე თავად ვამბობდი უარს ინტერვიუებზე, უარს ვამბობდი ტელევიზიებში გამოსვლებზე, სექტემბრიდან კი ვაპირებ რომ არ ვთქვა უარი, გამოვიდე და ყველაფერზე დავაფიქსირო ჩემი აზრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.