ხაშურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობისთვის ბრძოლის სურვილს მოქმედ დეპუტატთან, ვალერი გელაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძეც გამოთქვამს.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" ვალერი გელაშვილის კანდიდატურას აღარ განიხილავს და ის ვაჟა შუბითიძით ჩაანაცვლა, Guardian.ge-სთან საუბრისას გელაშვილი არ ადასტურებს.
გელაშვილი ამტკიცებს, რომ ის ერთადერთი კანდიდატია. მისი თქმით, "სხვა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს "ქართულმა ოცნებამ", ჩემი კანდიდატურის წარდგენის ნაცვლად?!"
"ქართული ოცნება" ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატად ჩემს კანდიდატურას განიხილავს. ერთადერთი კანდიდატი ვარ. მქონდა შეხვედრები, ვესაუბრე პარტიის წარმომადგენლებს და მეუბნებიან, რომ განიხილება შენი საკითხიო. ხაშური პატარა ქალაქია, ვისი კანდიდატურა შეიძლება განიხილებოდეს კიდევ, არ ვიცი. "ქართული ოცნებიდან" სხვა ვინმე რომ იყოს აქ ისეთი, რომ კონკურენცია გამიწიოს, არა მგონია. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით".
Guardian.ge -ს ინფორმაციაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ვაჟა შუბითიძის კანდიდატურა წარადგინოს, გელაშვილი პასუხობს:
"შეიძლება ხაშურში ბევრს უნდოდეს დეპუტატობა, მაგრამ პიროვნებას რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს ხაშურში გაკეთებული საიმისოდ, რომ ხაშურლებმა მხარი დაუჭირონ. ასეთ სოციალურ ფონზე და ამ ვითარებაში, როდესაც ბევრი რამეა გასაკეთებელი, ადამიანმა კანდიდატურა რომ წარადგინოს, ხომ უნდა ჰქონდეს რამე გაკეთებული. სამი არჩევნები მაქვს მოგებული და სამივე ოპოზიციიდან, ხაშურის მუნიციპალიტეტში და ამიტომ ყველაფერს ხომ მნიშვნელობა აქვს. მე იმ პერიოდში მაქვს არჩევნები მოგებული, როცა დაპირისპირებული ვიყავი პირველ პირებთან და მაინც მოვიგე და ახლა სხვა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს "ქართულმა ოცნებამ" რომ სხვისი კანდიდატურა წარადგინოს", - აცხადებს ვალერი გელაშვილი, რომელმაც Guardian.ge-სთან ორი კვირის წინათ, ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან სწორედ ის იქნებოდა წარდგენილი ხაშურში.
Guardian.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. ვაჟა შუბითიძე ადასტურებს, რომ მზად არის, მიიღოს შემოთავაზება, თუკი მოხდება მისი წარდგენა „ქართული ოცნების“ მიერ. შუბითიძე აცხადებს : "თუ დამასახელებენ, ძალიან მოხარული ვიქნები. ჩემთვის ეს, დიდი პატივი იქნება".
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, "თუ ვალერი გელაშვილს ხაშურისთვის აქვს ბევრი რაღაც გაკეთებული, მე მთელი საქართველოსთვის მაქვს გაკეთებული"
მისივე განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელ პირებთან კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა, "არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატები წინა დღით იგებენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა გახდნენ".
"სურვილი შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს იმისა, რომ გახდეს მაჟორიტარი დეპუტატი. ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული. წინასწარ ჭორებზე დაყრდნობით ხომ არ გავავრცელებ რაიმე ინფორმაციას. არის რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, შეიძლება განიხილება ჩემიც. ჩემი განათლებით, სუფთა წარსულით, პატიოსნებით მე შევესაბამები ნამდვილად, აღნიშნულს", - აცხადებს ვაჟა შუბითიძე.
თუ ვისზე შეაჩერებს არჩევანს "ქართული ოცნება", ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს არც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი.
"ვინ შეიძლება წარადგინოს "ქართულმა ოცნებამ" ჩემთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ. რომ ვალერი გელაშვილის კანდიდატურა განიხილება. ვაჟა შუბითიძეზე კი ვერაფერს გეტყვით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ამას ცენტრალური ოფისი წყვეტს. შესაბამისად, ვერც ვერაფერს უარვყოფ, ვერც ვერაფერს დავადასტურებ", - განუცხადა გურასპაშვილმა Guardian.ge-ს.
"ქართული ოცნება" შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სავარაუდოდ 31 ივლისს წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.