პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.
კვირიკაშვილის შეფასებით, სენაკში, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილია კანდიდატურა, რომელიც არ იქნება გულგრილი არც ერთი პრობლემისადმი და ორიენტირებული იქნება განვითარებასა და ხვალინდელ დღეზე.
„ირაკლი არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან გამოცდილია. მას საუკეთესო განათლება მიღებული აქვს ბრიტანეთის Westminster-ის უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანი მომზადება გაიარა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ინსტიტუტში. ირაკლის აქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის ასევე დიდი გამოცდილება. დღეს იგი არის ერთ-ერთი წამყვანი ადამიანი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის. ხელმძღვანელობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს. საქართველოში საზოგადოება მას იცნობს, როგორც წამყვან ფიგურას გალის და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობით ჯგუფში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზებს, ოსებს. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, და სწორედ აქ, დღეს წინა ფრონტზე დგას ირაკლი. მე, პირადად, მეამაყება, რომ პარტიაში ასეთი ადამიანი გვყავს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყით გამოსვლისას ყურადღება სენაკის პოტენციალზე გაამახვილა.
„სენაკში ჩვენ ვაპირებთ მთლიანად დავასრულოთ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემების მოგვარება. გვაქვს ძალიან კარგი გეგმები ტურისტული ინფრასტრუქტურის აღორძინების. კურორტ მენჯის აღორძინების, სპორტული კომპლექსების მშენებლობის. აქ ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალია. ყველა ნაბიჯი იქნება მიმართული იქითკენ, რომ რეგიონებში ცხოვრების დონე გავზარდოთ. ეს არის უმთავრესი ამოცანა დღეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც არის ხელმისაწვდომი დედაქალაქში, იყოს ხელმისაწვდომი რეგიონებში, სოფლებში, რაიონულ ცენტრებში. სწორედ ამ გეგმების განსახორციელებლად გვჭირდება ერთად დგომა, სენაკელების ძლიერი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში და ეს არის ირაკლი ბერაია. ის იქნება ხმა, რომელიც არ იქნება გულგრილი არც ერთი პრობლემისადმი და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე, ხვალინდელ დღეზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის შეფასებითვე, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს.
„ოთხი წლის წინ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ხუთი წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად მიიღო, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა. ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და შევადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც საქართველოში 2011 წლის შემოდგომასა და 2012 წელს ხდებოდა. დღეს არავინ არავის ერჩის. ცალკეული ინციდენტების გარდა, რომელიც მაინც გვახასიათებს - ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ მაინც არ უნდა დავუშვათ, მთლიანობაში წინასაარჩევნმო კამპანია მშვიდობიანად მიმდინარეობს. ყველას შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი. შევხედოთ ტელევიზიებს. ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ცვლილება მოხდა. დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ. ამას, რა თქმა უნდა, მოთმინებით, ხანდახან გულიტკივილით ვისმენთ, მაგრამ ვეგუებით იმიტომ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა. ჩვენ იმ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, სადაც შეიძლება ადამიანმა ისუნთქო, ისაუბრო, შენი გეგმები განახორციელო და ქვეყნის განვითარებაზე იფიქრო”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან ასევე, აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ევოლუციის გზით რევოლუციური ცვლილებების გახორციელებას აპირებს.
„ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მივხედეთ ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორიცაა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. აღარ არის საჭირო ქონების დაგირავება, მევახშისგან ვალის აღება იმისთვის, რომ ოჯახის წევრს თუნდაც ყველაზე ძვირადღირებული ოპერაცია გაუკეთო. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში დავიწყეთ მყარი საფუძვლის ჩაყრა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის. სოფლის მეურნეობას მიეხედა ისე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა - მცირემიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი პროგრამები, შეღავათიანი აგროკრედიტი, მრავალწლიანი ნარგავების გაშენება, სამაცივრე მეურნეობები, სასათბურე მეურნეობების განვითარება. ეს ყველაფერი დაწყებულია და არის იმის საფუძველი, რომ დღეს უკვე განახლებულ გუნდთან ერთად, ძველ თანამებრძოლებთან ერთად ქვეყანაში სწრაფი ცვლილება მოვიტანოთ, რათა მომავალი ოთხი წლის თავზე, საქართველოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, პარტიას გააჩნია მკაფიო ხედვა, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განათლების სფეროში. 99% ჩვენი პრობლემებისა დევს ჩვენი განათლების სფეროში. განთლების სფეროს ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, შეუძლებელია საქართველოში პროგრესის მიღწევა. ეს ჩვენ დავიწყეთ. დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და ამას პირდაპირი ასახვა ექნება ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაზე. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეკონომიკური რეფორმებისკენ. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა პაკეტი, რომელიც 2017 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში. ეს არის ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური ცვლილებები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.