გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში
26-07-2016, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული და საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატიაა ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ“,-განაცხადა  პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალი 2016-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ამბასადორიალი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს, რომ ერთად შეაჯამონ გასული წლის საქმიანობა, ისაუბრონ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კიდევ უფრო კონსოლიდირებულს ხდის მათ ძალისხმევას გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე საერთაშორისო გარემოში.

 

 

„ჩვენ შარშან ამ ფორმატში დავსახეთ სხვადასხვა პრიორიტეტი და შესაბამისი ქმედებები, რომლის დიდი ნაწილიც წარმატებით განხორციელდა ერთობლივი ძალისხმევით. ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა სირთულის ტენდენციებს აქვს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ. ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის, პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულება. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობის სახელით და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ მომავალში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ვიზალიბერალზიაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იმედოვნებს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მალე მიანიჭებენ.

 

 

„იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“,-განაცხადა მან.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ივლისის დეკლარაციამ ცხადყო, ქვეყანაში არსებული პლურალიზმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში. 

 


„ეს კურსი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია და გამოხატავს მთელი ჩვენი საზოგადოების სწრაფვას, გვქონდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის ყურადღების ცენტრშიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უსაფრთხოება და ამ გზით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ამ დაკვეთის შესრულების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია. 

 


„პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ახდა არაერთი თაობის ოცნება - ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება - რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისია”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 


მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური. 

 


„ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


მან ასევე ისაუბრა ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგებზე და განაცხადა, რომ აღნიშნულ სამიტზე მიღებული მხარდაჭერა და დაპირებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას. 

 


„ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ზრდის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების უფრო ფართო რეგიონის ნაწილად - რეგიონისა, რომლის სახელმწიფოთა ნაწილიც ნატო-სა და ევროკავშირის წევრები არიან”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


მისივე თქმით, თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ქვეყანა განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობას. 

 


„ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობით, კვლავ ვრჩებით პირველი, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ.

 

 

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის, მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში.

 

 

„ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები. ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს პრიორიტეტია მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები.

 

„საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს. ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

 

 

„იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი, თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება, განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი, გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ევროპული დღის წესრიგი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება ხსნის, შესაძლოა, დამატებითი მყარი საფუძველი გახდეს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და კონტაქტების გასაძლიერებლად.

 

 

”ჩვენი მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი ძალ-ღონეს არ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. მე მინდა გითხრათ, ჩვენო პატივცემულო ელჩებო, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ. დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი