მესტიის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ათეულობით მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მათ შორისაა 22 მილიონის ღირებულების მესტია-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის; თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტის ტრასების; სათხილამურო ბაზებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა და საბაგიროების დამონტაჟება.
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი, მესტიისა და მულახის განვითარების გენერალური გეგმა მუშავდება, რაც ერთიანი საკურორტო ზონის განვითარების ხელისშემწყობიც იქნება. მულახის ცენტრში აგვიტოს ბოლოს დასრულდება სპორტსკოლის რეაბილიტაცია, – ეს არის ის არასრული ჩამონათვალი მსხვილი პროექტებისა, რომელიც წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი Guardian.ge –ს ესაუბრა. მისი თქმით, გზების, წყალგაყვანილობის სისტემების, სათხილამურო ტრასების და სხვა მსხვილი პროექტების პარალელურად მუნიციპალიტეტში შენდება ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტაცია უტარდება მესტიის კულტურის სახლს და მულახის სპორტულ კომპლექსს.

(ფოტოზე: კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი)
"წელს მესტიაში მიმდინარეობს 4 445 000 ლარის ღირებულების კულტურის სახლის რეაბილიტაცია, არსებულ შენობას ემატება ახალი სართული, სადაც მოეწყობა ამფითეატრი, დარბაზი. იქნება კაფე საგრიმიორო, მთლიანობაში ეს მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ მესტიის ადგილობრივი რესურსის გამოყენებით სტუმრებს შევთავაზოთ კულტურული საღამოები. ამის გარდა, თეატრს სხვადასხვა დატვირთვაც ექნება, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობაც, ასეთი კულტურის ცენტრი საქართველოს სამი თუ ექნება. გარდა ამისა, ვაშენებთ ორ საბავშვო ბაღს, უკვე დასრულების ფაზაშია მშენებლობა და აგვისტოს ბოლოს ჩაბარდება. ეს საბავშვო ბაღები არის სოფელ ჭუბერსა და ნაკრაში. ამას დაემატება კიდევ ორი საბავშვო ბაღი, რომელიც აშენდება ლენჯერსა და ლატალში. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და რამდენიმე დღეში გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს შეუდგება. მუნიციპალური განვითარების ფონდი, მულახის ცენტრში სპორტსკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს, რომელიც აგვისტოში დასრულდება. 2 400 000-მდე ჯდება ეს პროექტი. ის სექტემბრიდან გაიხსნება. 80% სამუშაოების დასრულებულია", – აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.
მესტიის გამგებელი იმ მსხვილ პროექტებზეც საუბრობს, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდები აფინანსებენ.

(ფოტოზე: თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტის უმაღლესი წერტილი, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 400მ)
"მესტია-უშგულის გზაზე გამოცხადებული იყო ტენდერი. უახლოეს ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულებები და დაიწყება მესტია-უშგულის გზაზე ასფალტის დაგება. სამუშაოებზე 22 მლნ დაიხარჯება, პროექტი ორეტაპიანია და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აფინანსებს. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კეთდება კურორტ თეთნულდის სამთო-სათხილამურო ბაზებამდე მისასვლელი გზა, რაც წლის ბოლომდე დასრულდება, და დაბა მესტიის-აეროპორტთან დამაკავშირებელი გზა. დაბა მესტიაში კეთდება უშბის ქუჩა, პირველი ეტაპი დასრულდება ათ დღეში, მეორე ეტაპი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება დაახლოებით, 873 000 ლარით. ასევე დაბა მესტიაში მიმდინარეობს აღმაშენებლის ქუჩის მოასფალტება, რაც დასრულების ფაზაშია უკვე," – განაცხადა მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული ღონისძიებებისთვის თანხები უკვე გამოყოფილია და სოფელ ბეჩოს ცენტრში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაზეც დაახლოებით 800 000 ლარი დაიხარჯება.
"ბეჩოში ღელე უნდა მოვაქციოთ რკინა-ბეტონის არხში. მიმდინარეობს მულახისა ღელეების განტვირთვის სამუშაოებიც, ტენდერი დასრულდა, სამუშაოების შესრულებისთვის 98 000 ლარია გათვალისწინებული. იდლიანში 2 მცირე სახიდე გადასასვლელის გაკეთება იგეგმება. მოხდება წვირმის ხიდის გამაგრება და მდინარე კალაპოტში მოექცევა, 40 000 დაიხარჯება ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ზემო და ქვემო ვეძის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე 25 000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, მთავრობის განკარგულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესტიაში შდიხირის ღელეზე, 743 000 ლარიანი პროექტი ხორციელდება. სამუშაოები დაწყებულია და აგვისტოს ბოლოსთვის 90% დასრულებული იქნება", განუცხადა Guardian.ge–ს კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
იგი ტურიზმის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ წელს მესტიაში ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადია.
"იმდენი ავტომანქანა დგას მესტიის ცენტრში, რომ გავლა შეუძლებელია. ვფიქრობთ დამატებითი ავტოსადგომების გამოყოფას, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მცირემიწიანია მესტია. მიწები ძირითადად კერძო საკუთრებაში აქვს მოსახლეობას და სერიოზული საფიქრალია სად და როგორ უნდა განვათავსოთ ამდენი ავტომანქანა. რამდენიმე დღეა საპატრულო პოლიციის დამატებითი ძალებიც შემოვიდა მუნიციპალიტეტში და ისინი ამყარებენ წესრიგს ადგილზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს", – განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.