ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პროგრამას - ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშემწყობ, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, ვიდრე არ დავინახავთ, რომ ეს აისახა თითოეულ ადამიანზე, თითოეული თქვენგანის ოჯახის ცხოვრებაზე, მის კეთილდღეობაზე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავის მოსახლეობას ქვემო ქართლის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ, თავის დროზე, რუსთავი იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა უდიდესი ქართული საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალი. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსთავი დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას, თავის როლს, და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი დიდი თუ მცირე საწარმოებითა და კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში.
"როდესაც ქვეყანას ასეთი რესურსი და პოტენციალი აქვს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ. უკეთესი ცხოვრებისკენ გზა ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამიტომაც, ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკის ამუშავებისთვის. რუსთავი ინდუსტრიის უძველესი კერაა და თქვენში სამეწარმეო სულისკვეთება ლამის გენეტიკურად დევს. ამიტომ, ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ ამ რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შეგიქმნათ, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა თქვენს ოჯახებში მალე შემოვიდეს. ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით! სწორედ ამიტომ დავიწყეთ მსხვილბიუჯეტიანი სხვადასხვა სამეწარმეო პროექტი, რადგან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში, საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა და დამკვიდრება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი ხალხის ცნობიერებაში მოხდება გარდატეხა და დავინახავთ, რომ მეწარმეობა საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და კეთილდღეობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, შედეგებსაც ყველანი მალე ვნახავთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, აუცილებელია სახელწიფოს მხრიდან მათი ხელშეწყობა, ვისაც დღეს არ აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და აქვს პერსპექტიული ბიზნესიდეები. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, დაიწყოს ან გააფართოოს ბიზნესი, დაეხმარება მათ, გამოავლინონ და ქვეყანას მოახმარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები განახორციელონ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამუშაო ადგილებს ძირითადად ქმნის ბიზნესი, ამიტომაც, მთავრობა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში და ამისთვის შესაბამის გარემოს შექმნის.
"ჩვენი ამ დამოკიდებულებით ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ვუყურებთ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას. დიახ, სწორედ ამ გზით, მხოლოდ ამ გზით დაიძლევა უმუშევრობა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები და რუსთავში განვითარდეს საწარმოო პოტენციალი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამის მაგალითები რუსთავში უკვე არსებობს.
ცოტა ხნის წინ რუსთავში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო - ,,პანექსი“. 6-მილიონიანი პროექტი სახელმწიფოს ხელშეწყობით ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა. საწარმოს პროდუქცია ინდუსტრიული შენობების მშენებლობაში გამოიყენება და საქართველოს გარდა უცხოეთშიც იყიდება. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია იმპორტს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს.
ასევე, რუსთავში უკვე მუშაობს ელექტრონული ნაკეთობების საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ ელექტრომოწყობილობას, როგორიცაა სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმარფონი, პლანშეტი, ნეტბუქი და ტელევიზორი, ასევე, უახლეს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს;
გარდა ამისა, დღეს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საპარტნიორო ფონდი, შედის პარტნიორობაში "რუსთავის აზოტთან", რაც "რუსთავის აზოტის" ქარხანაში დამატებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. პრემიერის განცხადებით, ეს არის 500-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი რუსთავში, რაც თავისთავად, დამატებით 500 ოჯახში მიტანილი კეთილდღეობაა.
"დამეთანხმებით, ეს არის ძალიან დიდი საქმე. თუნდაც ამ სამი საწარმოს მაგალითით სრულიად ნათლად ჩანს, რომ ჩვენ რეალურად ვუწყობთ ხელს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მჯერა, რომ რუსთავში გამოშვებული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ეს მხოლოდ დასაწყისია და, დარწმუნებული ვარ, რუსთავი ისევ დაიბრუნებს თავის ტრადიციულ ფუნქციას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია და ამიტომ, ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პრემიერის შეფასებით, ეს საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც გულმოდგინედ შრომობს, შემოსავალი მოაქვს საკუთარი ოჯახისთვის, მოსავალი მოჰყავს და ნატურალური ქართული პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს.
"ჩვენმა მთავრობამ არაერთი პროექტი წამოიწყო, რომლებმაც სოფელს, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ჩვენ ხვნის პროცესში დავეხმარეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო მიწებს ვერ ამუშავებდა და დღეს პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. ამიტომაც, თამამად შემიძლია გითხრათ, მოგმართოთ ქვემო ქართლის მოსახლეობას, ქართველებს, განსაკუთრებით კი, მინდა მივმართო აზერბაიჯანული ეროვნების ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ხალხს და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ძმობისთვის და თავდადებული შრომისთვის, - ჩვენ თქვენს ნდობას ძალიან დიდ პატივს ვცემთ და მას აუცილებლად გავამართლებთ და თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ყველანი ერთად ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ კვლავ იქნება თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების სამსახურში", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.