საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ორგანიზაციისთვის მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის და მასზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მარგინალიზაციის მცდელობა.
ორგანიზაცია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად აფასებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ჩვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით. საია-სთვის მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის და მასზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მარგინალიზაციის მცდელობა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ვაფასებთ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად, რაც მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში.
წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს საიამ განცხადებით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას. ორგანიზაციამ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა და დამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა, რაც პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს ჯარიმის 2000 ლარის ოდენობით. კერძოდ, ა.წ. 31 ივლისს ქ. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვის მეშვეობით ჩაერთო წინასაარჩევნო აგიტაციაში. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ვიდეომიმართვა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევის პირველ შემთხვევას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, იგი გაკვირვებულია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე ... აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები...“
გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, განურჩევლად იმისა, დაემთხვევა თუ არა ჩვენი მოქმედებები რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ფიგურის ინტერესებს. შევახსენებთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით იმოქმედოს და სათანადო რეაგირება განახორციელოსყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანონის დაცვისა და პატივისცემის უპირველესი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რაც საიას მონიტორინგის ერთ-ერთ უმთავრეს ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს სხვა სუბიექტებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს წინასაარჩვნო პერიოდში, თავისი წილი პასუხისმგებლობისაგან - დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. სწორედ ეს წარმოადგენდა ახლახანს 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელებული დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობები. სამწუხაროა, რომ ამ პრინციპის მიღება და პატივისცემა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ამასთან, ის გარემოება, რომ ქვეყანაში ხდება სხვა კანონდარღვევები თუ უფლებადარღვევები, იქნება ეს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება თუ სხვა (რაზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად აფიქსირებს საჯარო პოზიციას და იყენებს ყველა მშვიდობიან და სამართლებრივ გზას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად), არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, ასევე დაარღვიონ კანონმდებლობა იმ არგუმენტით, რომ მათ მიერ ჩადენილი გადაცდომა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს სხვა პირთა მიერ ჩადენილ დარღვევებთან შედარებით.
კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისიმხარდამჭერებისა და ზოგადად - საზოგადოების მისამართით. შესაბამისად ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მეტი პასუხისმგებლობა მართებსსაჯარო განცხადებების გაკეთებისას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტები თუ მათი მხარდამჭერები პატივისცემით მოეკიდებიან საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავენ კანონით დადგენილ ნორმებსა და არ შეეცდებიან ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები ჯანსაღ დამოკიდებულებას გამოიჩენენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი შეფასებების მიმართ, რითაც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პატივისცემისა და რეალური მრავალპარტიული და მრავალსუბიექტიანი დემოკრატიის განვითარებას.
საია აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს და როგორც შესაბამის უწყებებს, ასევე საზოგადოებას, მიაწვდის ინფორმაციას საარჩვენო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის სრული დაცვით. ჩვენ ასევე ღია ვრჩებით სახელმწფიფო უწყებებთან და პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობისათვის კანონიერი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით“,-ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაშინებს, რომ ებრძოლოს მისი თქმით, იმ დიდ უსამართლობას, რომელიც საქართველოშია.
„ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია”,-განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.