პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, საქართველოც ყოველთვის წელში გამართულია.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის სიტყვას Guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
„კახეთის სიძლიერე მთელი საქართველოს სიძლიერეა და როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, საქართველოც ყოველთვის წელში გამართულია. გავიხსენებ 2012 წელს, როცა კახეთში ქუდზე კაცი გამოვიდა და მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას“ და მაშინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ, ყველამ ერთად, მოვიგეთ ბრძოლა და ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის. ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ყველამ იცით, რა დაგვხვდა ხელისუფლებაში როცა მოვედით - დაშინებული საზოგადოება, ხელისუფლებისგან მიტოვებული, უექიმოდ და უწამლოდ დარჩენილი ადამიანები, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გლეხი და აღარ გავაგრძელებ იმ ყველაფრის ჩამოთვლას, რომლებიც ყველამ ერთად გამოვიარეთ.
დღეს ჩვენი ხალხი თავისუფალია, ყველას შეუძლია მოსთხოვოს მთავრობას კიდევ უფრო მეტი, დღეს აღარ არსებობს ხელისუფლების ძალმომრეობის შიში. ეს სულ ახლახან ხდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დავძლიეთ მძიმე წარსული და ვფიქრობთ მომავალზე, ქვეყნის შენებაზე. ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს - ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთდროულად ყველა პრობლემა არ მოგვარდებოდა.
თუმცა დღეს სათქმელი და საამაყო ნამდვილად გვაქვს: ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ - არ მეგულება ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც მკურნალობა გჭირდება და იმაზე არა გაქვს საფიქრალი, საიდან მოიტანო ეს ფული; არ მახსენდება ხალხის სხვა ისეთი გვერდში დგომა, როგორიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწია კახელებს სტიქიის დროს და მთლიანად აუნაზღაურა ზარალი. აღარაფერს ვიტყვი დამუშავებულ მიწებზე და გლეხობისათვის გაწეულ სხვა დახმარებაზე, რთველზე და მილიონობით შემოსავალზე, რომელიც კახეთმა მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები. ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს.
წელს ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გავითვალისწინეთ, 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს წელს ყურძენს და მოსავალი არ დარჩება ჩაუბარებელი. ჩვენი განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართული ღვინო თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით და ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევს ცნობილ ქვეყნებს.
ჩვენი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც. და ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.
დღეს ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ავამოძრაოთ ეკონომიკა. ეს იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი, ეს იქნება საფუძველი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობდეს ადამიანებზე.
მეგობრებო, 2012 წელს თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც ჩვენ თქვენი გვერდში დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამით ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ირაკლი სესიაშვილი. ბატონი ირაკლი პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრია. პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. უწესიერესი კაცია. ასე რომ, თელაველებს და ყვარლელებს გეყოლებათ ძალიან გამოცდილი და საამაყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ირაკლი შიოლაშვილი. ირაკლიც ჩვენი გუნდის წევრია. ის პროფესიით იურისტია და გახლავთ კახეთის გუბერნატორი. ზედმიწევნით იცის კახეთის პრობლემები. ირაკლი დედოფლისწყაროდან არის, დარწმუნებული ვარ, ძალას არ დაიშურებს სიღნაღელების და დედოფლისწყაროელებისთვის და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს პარლამენტში მათი ინტერესების დასაცავად.
„ქართულ ოცნებას“ ახმეტაშიც გამორჩეული კანდიდატი ეყოლება. ეს გახლავთ გელა სამხარაული. გელა უკვე გამოცდილი პარლამენტარია. წესიერი, პატრიოტი კაცია, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩვენი სამშობლო. დარწმუნებული ვარ, ახმეტელები მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას და ღირსეული წამომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში.
ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება გურამ მაჭარაშვილი. ბატონი გურამი პროფესიით იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი-წევრია, გახლავთ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. მას ასევე, საბანკო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაგოდეხელებს ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. წარმატებები ბატონ გურამს.
გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა დავით სონღულაშვილი. ბატონი დავითი პროფესიით ეკონომისტია. განათლება აქვს მიღებული მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დავითი წარმატებული ახალგაზრდაა და გურჯაანელებო, სწორედ ის გააგონებს მთელს საქართველოს თქვენს ხმას საქართველოს პარლამენტიდან.
საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება რომან მუჩიაშვილი. ბატონი რომანი ფინანსისტია, საკუთარი პროფესიით მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით. საგარეჯო და საგარეჯოელები დიდი გულშემატკივრით იამაყებენ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ბატონ რომანს აქვს ასევე მდიდარი გამოციდლება კერძო სექტორში და ის აუცილებლად გამოიყენებს ამ გამოცდილებას თითოეული საგარეჯოელის ინტერესების დასაცავად საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.