ძმები, ელდარ და გიორგი შენგელაიები განცხადებას ავრცელებენ და გულისწყრომას გამოხატავენ კახეთში, გურჯაანის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მიერ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად დავით სონღულაშვილის წარდგენის გამო.
მათი თქმით, დავით სონღულაშვილის "მამა იყო კახეთის გუბერნატორი შევარდნაძის, ბოლო დროის ყველაზე კორუმპირებული მთავრობის დროს. დავით სონღულაშვილის მამამ თავისი გუბერნატორობის დროს იყიდა ლაგოდეხის ნაკრძალის ნაწილი და ბევრი მიწები კახეთის სხვადასხვა რაიონებში" და მან თავისი შვილის საზღვარგარეთ სწავლა, სავარაუდოდ "მითვისებული ხალხის ფულით" დააფინანსა. კინორეჟისორი ძმების განცხადებას გაზეთი "რეზონანსი" აქვეყნებს.
"თელავში 5 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის გურჯაანის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომლის მამა იყო კახეთის გუბერნატორი შევარდნაძის, ბოლო დროის ყველაზე კორუმპირებული მთავრობის დროს. დავით სონღულაშვილის მამამ თავისი გუბერნატორობის დროს იყიდა ლაგოდეხის ნაკრძალის ნაწილი და ბევრი მიწები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. ალბათ ფულიც ბევრი იშოვა. თვითონ დავით სონღულაშვილმა მიიღო განათლება საზღვარგარეთ. კვირიკაშვილი ამისთანა შემთხვევებს განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას. იბადება შეკითხვა - რა ფულით ისწავლა სონღულაშვილმა საზღვარგარეთ, ალბათ მამამისის მითვისებული ხალხის ფულით. ჩვენის აზრით, პარლამენტში უნდა იყვნენ არა მარტო საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდები, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ჭაღარა ხალხიც (შეხედონ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტებს). ჩვენ წარვუდგინეთ ბ/ნ კვირიკაშვილს ასეთი ხალხის სია და გიორგიმ გადასცა ეს სია გორში კვირიკაშვილს. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, პაატა ქურდაძე, პეტრე მამრაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი. შეისწავლონ ეს სია და დაიბარონ ისინი გასაუბრებაზე. გორში ჩვენი ლობირებული კანდიდატების სიის გადაცემისას კვირიკაშვილმა უთხრა გიორგის: "დაისვენეთ, ბატონო გიორგი, დაისვენეთო" (ანუ თავი დაგვანებეთო). გიორგის უნდოდა მისთვის თქმა, რომ ისვენებენ მხოლოდ საფლავში, მაგრამ გარშემო მყოფი გორელების მოერიდა. ჩვენ შევთავაზეთ კვირიკაშვილს, კალაძეს და გიორგაძეს აგრეთვე გურჯაანის რაიონიდან პარლამენტის მაჟორიტარულ კანდიდატად ელგუჯა გიორგაძე, რომელიც იყო 45 წლის განმავლობაში გურჯაანის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი და ახაშნის მეურნეობის დირექტორი. გიორგი შენგელაია კახი კალაძეს ესაუბრა ტელეფონით და სთხოვა, რომ გაესაუბრათ ამ კაცთან, მაგრამ მას არ დაუძახეს და არ გაესაუბრნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ გურჯაანი იგივე საანდრონიკოა, ანუ დედაჩემის ნატო ვაჩნაძე-ანდრონიკაშვილის მამული. ჩვენ, როგორც დედას მემკვიდრეებს, რაღაცა გვეკითხება გურჯაანში. ჩვენ ავაშენეთ ფაქტობრივად მანდ დედას მუზეუმი და ხევისუბანში, სადაც ეს მუზეუმი დგას, ალაზნიდან მოვიყვანეთ სასმელი წყალი", – ნათქვამია შენგელაიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის მაჟრიტარ კანდიდატად დავით სონღულაშვილი 5 აგვისტოს დაასახელა.
„ბატონი დავითი პროფესიით ეკონომისტია. განათლება აქვს მიღებული მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დავითი წარმატებული ახალგაზრდაა და გურჯაანელებო, სწორედ ის გააგონებს მთელს საქართველოს თქვენს ხმას პარლამენტიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.