კარგია რომ რუსეთ-თურქეთის დაახლოებას ვხედავთ, მათი დაახლოება ნატო-სთვის საფრთხეს არ წარმოაგენს, - აღნიშნული განცხადება გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააკეთა.
მე არ მჯერა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო გახდება, რომ რუსეთი თურქეთს უსაფრთხოების სფეროში ისეთ პარტნიორობას შესთავაზებს, რომელიც ნატო-ს ალტერნატივა გახდება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვშია. იგი დღეს მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ერდოღანი ამბობს, რომ მას რუსეთთან კავშირების "რეგულირება" უნდა.
გასულ თვეს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ეს ერდოღანის პირველი უცხოური ვიზიტია და იმ ფონზე ხორციელდება, როცა თურქეთის კავშირები დასავლეთთან გაცივდა, იქედან გამომდინარე რომ შეთქმულების მცდელობაში ბრალდებულების მიმართ ანკარამ ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა.
თურქეთიდან გამგზავრებამდე ერდოღანმა პუტინს მისი "მეგობარი" უწოდა და განაცხადა, რომ მას სურს ახალი ფურცლის გადაშლა რუსეთთან ურთიერთობებში.
"რაშა თუდეის" ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ მოახლოებული მოლაპარაკებები მის "მეგობარ" ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში "ახალ ფურცელს გადაშლის" თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.
"ეს იქნება ისტორიული ვიზიტი. მჯერა, რომ ახალი ფურცელი გაიხსნება... ჩემს მეგობარ ვლადიმერ პუტინთან", – განუცხადა ერდოღანმა ახალი ამბების სააგენტო "TASS"–სს ექსკლუზიურ ინტერვიუში, სამშაბათს რუსეთში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტის წინ, და დაამატა, რომ "ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ჩვენი ქვეყნების მიერ ერთად გასაკეთებელი". თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის წვლილს სირიაში და აღიარა, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარება რუსეთის გარეშე, შეუძლებელია.
"სირიის კრიზისის გადაწყვეტა შეუძლებელია რუსეთის გარეშე. ჩვენ შეიძლება გადავჭრათ სირიის კრიზისი, მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით", – თქვა ერდოღანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია სირიის სამშვიდობო პროცესისთვის.
თურქეთის საჰაერო ძალების მიერ გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ, რომელმაც ორი რუსი სამხედრო მფრინავი იმსხვერპლა, მანამდე ორ ქვეყანას შორის არსებული ახლო პარტნიორული ურთიერთობა, უპრეცედენტო დაძაბულობამდე მიიყვანა. რუსეთმა ამ ინციდენტის შემდეგ თურქული საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალა, შეაჩერა ჩარტერული ფრენები თურქეთში, რომლის კურორტებიც მილიონობით რუსისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილებია. უფრო მეტიც, რუსეთმა ორი მთავარი პროექტიც გაყინა – გაზის მილსადენის მშენებლობა შავი ზღვის გასწვრივ და ბირთვული ქარხნის პროექტი. ახლა პუტინი და ერდოღანი პერსონალურად განიხილავენ ამ ორი პროექტის მომავალს.
ივნისის ბოლოს პუტინისთვის გაგზავნილ წერილში ერდოღანმა გამოხატა წუხილი და სინანული იმ ფაქტის გამო, რომ თურქეთის საჰაერო ძალებმა 24 ნოემბერს რუსული "სუ–24" ჩამოაგდეს სირიის საზღვართან. მან აგრეთვე მოუბოდიშა გარდაცვლილების ოჯახებს. ამას კი რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. პუტინმა ურთიერთობების განმუხტვისკენ გადადგა ნაბიჯები, მოხსნა ემბარგო თურქულ პროდუქციაზე, აღადგინა ჩარტერული რეისები.
ერდოღანის მობოდიშების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ორჯერ შედგა. ბოლოს პუტინი ერდოღანს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ესაუბრა და თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.