"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად საკონსტიტუციო გადატრიალება თუ რევოლუცია ერქვა, კრახით დასრულდა, - აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის: კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძისა და მაია კოპალეიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
”უკვე რამდენიმე დღეა გიორგი პაპუაშვილისგან უშედეგოდ ველოდებით პასუხს კითხვებზე, რაც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი სამმა მოსამართლემ გასცა. მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილი ჰქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომ მოსამართლეები საქმეს სწრაფად გაცნობოდნენ. ამაზე ალბათ კომენტარიც ზედმეტია. დამეთანხმებით, რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია. ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა პრეცედენტები ევროპის და დასავლეთის წამყვან ქვეყნებში - მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ არსებობს. კითხვებზე პასუხის გაუცემლობა ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ამ კონკრეტული საქმეების ლობირებაზე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განცხადება 6 აგვისტოს გაავრცელეს.
”საკონსტიტუციო სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პოლიტიკოსების განცხადებების შეფასებისგან. თუმცა, ამჯერად იძულებულნი ვართ, გამოვეხმაუროთ ქ-ნი ეკა ბესელიას, ბ-ნ გია ვოლსკის, ბ-ნი მამუკა მდინარაძის, შსს მინისტრის მოადგილის, ბ-ნი არჩილ თალაკვაძისა და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაციის საკითხს უკავშირდება.
აღნიშნული საკითხი ამჟამად წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანს. მოსამართლეებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ პირველი კოლეგიის განმწესრიგებელ სხდომაში, საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, სამუშაო პროცესში, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე, რაც სამუშაო პროცესს წარმოადგენს. ამავე დროს, პოლიტიკოსების მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნების გაკეთება, ამ პროცეში ჩარევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.
პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენს ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაცია, მათ მიმართ მუქარისა და შურისძიების მცდელობა, იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე განხორციელებული ზეგავლენის ფაქტებს უკავშირდებოდა.
პოლიტიკური თანამდებობის პირების საყურადღებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების სარჩელის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დაცვით, გამჭვირვალედ, პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლის თანაბარი ინფორმირებულობის პირობებში. იმავდროულად, რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა კონსტიტუციური სარჩელით საჯაროდ, მედიის თანდასწრებით, მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და განაცხადეს, რომ ასაჩივრებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლს (მითვისება ან გაფლანგვა). სარჩელის ფორმალური შემოწმების პროცესში, მოსარჩელეების წარმომადგენლებმა ითხოვეს დამატებითი დრო კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაზუსტებლად, რის შედეგადაც რეგისტრაციის პროცესი შეჩერდა. რეგისტრაციის პროცესში, მით უფრო, მის დასრულებამდე, მოსარჩელეებს აქვთ კანონმდებლობით გარანტირებული შესაძლებლობა, დააზუსტონ, განავრცონ სასარჩელო განცხადება. არგუმენტაციის დამატების შესაძლებლობა მოსარჩელეებს აქვთ რეგისტრაციის დასრულების შემდგომშიც, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
8 ივნისს პირველი კოლეგიას ჩანიშნული ჰქონდა საქართველოს მოქალაქე - გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც გასაჩივრებული იყო, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის იგივე 182-ე მუხლი. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დავის საგნის იგივეობის შემთხვევაში, სარჩელები, როგორც წესი, ერთიანდება ერთ საქმედ. სწორედ ამიტომ, ე.წ. კაბელების საქმეზე პირველად დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი სარჩელის ელექტრონული ვერსია, სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, ინფორმაციის სახით დუყოვნებლივ გაეგზავნა პირველი კოლეგიის ყველა წევრს ელექტრონული ფოსტით, რათა კოლეგიას მისცემოდა შესაძლებლობა, დროულად გაცნობოდა საქმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.