დუშეთის გამგეობის ინიციატივით, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლებს თავიანთი პროდუქციის ქ. დუშეთის აგრარულ ბაზრამდე მიტანა უფასოდ შეუძლიათ
09-08-2016, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის დახმარების მიზნით პროექტი ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ გლეხებს მათ მიერ მოწეული თუ წარმოებული პროდუქცია ქალაქ დუშეთის აგრარულ ბაზრამდე სპეციალური ავტოტრანსპორტით უფასოდ მიიტანონ. ამის შესახებ Guardian.ge–ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა.

 


„ეს ჩვენს მიერ მოფიქრებული პროექტია, რაც სხვა მუნიცპალიტეტებსაც მოეწონათ. ეს არის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებთა დახმარება. წლების განმავლობაში, მაგალითად, არ მოძრაობდა ტრანსპორტი ხორხის ხეობაში, გუდამაყრის ხეობაში, გუდანში, რომელიც ბარისახოს ერთ-ერთი სოფელია, საიდანაც მოსახლეობამ შემდეგ უკანა ფშავი უნდა გამოიაროს შუაფხოსთან, მაღაროსკარი უნდა გამოიაროს. გავაკეთეთ ასეთი რამ: მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ყოველ კვირა დღეს აღნიშნული მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებთ უფასოდ ემსახურება ავტობუსი, რომ დუშეთის აგრარულ ბაზარში უპრობლემოდ ჩამოიტანონ თავინთი მოწეული პროდუქცია – ხორცი, რძის ნაწარმი და ა.შ. და მოგვიანებით ისევ უფასოდ გაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში“, – განაცხადა ვაჟა ჩოხელმა და დააზუსტა, რომ ეს არის როგორც ხორხის ხეობიდან და გუდანი-მაღაროსკარი–შუაფხოდან ქალაქ დუშეთის მიმართულების მარშრუტი და პირუკუ, ასევე გუდამაყრიდან დაბა ფასანაურის მიმართულება.

 

 

(ვაჟა ჩოხელი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი)

 


ჩოხელის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა იმის საფრთხე, რომ დუშეთის აგრარული ბაზარი გაყიდულიყო.

 


„სხვათაშორის დროზე მივასწარით ამ ბაზარს, რადგან ის წინა ხელისუფლების დროს გამზადებული ჰქონდათ გასაყიდად, აგრარული ბაზარი უნდა ჩაეგდო ვიღაცას ხელში, და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში დავტოვეთ“, – აღნიშნა დუშეთის გამგებელმა, რომლის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები და მათი პრობლემების შეძლებისდაგვარად გადაწყვეტის გზების მოძებნაა, თუმცა მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სიდიდიდან გამომდინარე, ასეულობით სოფლის მონახულება და იქ მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ხერხდება, თუმცა, როგორც ვაჟა ჩოხელი ამბობს, მისთვის ხმის მიწვდენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რადგან მობილური ტელეფონი 24 საათის განმავლობაში აქვს ჩართული და ნებისმიერ ზარს პასუხობს.

 

 

 

 

„ძალიან რთულია, რომ ყოველდღე თითოეულ სოფელში მიხვიდე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ადგილზე გამგებლის წარმომადგენლებიც არიან, თემებში კი მათი თანაშემწეები, საიდანაც ყოვედღიურად ვიღებთ ინფორმაციებს. ჩემი ტელეფონი ფაქტობრივად, არ ითიშება, 24 საათი ჩართული მაქვს და ნებისმიერ ნომერს ვპასუხობ, იქნებ ვიღაცას მართლა უჭირს რაღაც და ჩვენი დახმარება სჭირდება – ვალდებული ვართ, მათ დავეხმაროთ. თავად სოფლებიდანა მოდიან ჩვენთან მიღების დღეებში. იყვნენ უკანა ფშავიდან მოსულები, გზას ითხოვენ , ეს არის ძველი ისტორიული სოფელი, მიხა ხელაშვილის სოფელი, ახადი და გეოლოგებს ველოდებით, რომ რამენაირად გეოლოგებმა დასკვნა მოგვცენ, და გვითხრან, შესაძლებელია თუ არა, რომ იქ გზა გაიჭრას, უკანა ფშავში, სადაც გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მეწყერი ჩამოდის. ვაკეთებთ, ფუჭდება. ერთადერთი დიდი ზომის ტრაქტორი გვყავს, რომლის შესაძენადაც თანხა მთავრობამ გამოგვიყო და მინდა მადლობა ვუთხრა მას ამისათვის. ეს ტრაქტორი გაზაფხულ–ზაფხული ლამის სულ იქ იყო, ვერ გამოვიყვანეთ. გაკეთდება გზა, შემდეგ ადიდდება არაგვი, წაიღებს მას, გააქტიურებულია მეწყერული მოვლენები. მოგეხსენებათ თან, რომ მცოცავი ქანებია და ხშირად ჩამოდის ნაშალი მასალა. მაგალითად, სულ ახლახან, ივლისის ბოლოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორხის ხეობაში დააზიანა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთები და ნაპირსამაგრები; სოფელ ხორხსა და სონისველასთან, ცენტრალურ გზებზე ჩამოწვა ქვა-ღორღი და მორები; ჩამოიმგრა სოფელ ლაუშასთან მიმავალი გზა და სოფელი მთლიანად მოწყდა გარე სამყაროს. ხეობაში შევიყვანეთ მძიმე ტექნიკა და დაიწყო პირველადი სამუშაოების შესრულება.

 

 

 


ბუნებრივია, გასული ვიყავი სტიქიის ზონაში, დავათვალიერე დაზიანებული ტერიტორიები და შევხვდი დაზარალებულ მოსახლეობას. უნდა ითქვას, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებს სჭირდება საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. მაქსიმალურად ვცდილობთ მდგომარეობის გამოსწორებას. წელს არც ერთი სოფელი არ ჩაკეტილა დიდთოვლობის გამო. ადგილებზეც, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შევიძინეთ თოვლის საწმენდი ტექნიკა, ხოლო რაც შეეხება დიდ პროექტებს, აქ უკვე ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ხდება გზების გაკეთება. მიმდინარეობს როშკა-არხოტის გზის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, მუცოს რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის შექმნა, რადგან სხვა შემთხვევაში მოსახლეობას გაუჭირდება ადგილზე ცხოვრება“, – განუცხადა Guardian.ge–ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი