სამშაბათს, 9 აგვისტოს, რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთობების ნორმალიზებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. რუსეთმა თანხმობა განაცხადა მოხსნას სანქციები, რომელიც თურქეთს დაუწესა მას შემდეგ, რაც მან სირიის საზღვარზე გასული წლის ნოემბერში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ასევე შეთანხმდნენ უზარმაზარი ენერგო პროექტების წამოწყებაზე, მათ შორის გაზსადენისა და ბირთვული ქარხნის მშენებლობაზე.
Guardian.ge "როიტერსის" და "დოიჩე ველეს" მასალებზე დაყრდნობით, ერდოღანის რუსეთში ვიზიტისა და მასსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმებების შესახებ მომზადებულ მასალას და ვიზიტის მიმოხილვას გთავაზობთ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს სანკტ პეტერბურგის, მისი მშობლიური ქალაქის სიახლოვეს, ცარისტული ეპოქის სასახლეში უმასპინძლა. ეს იყო ერდოღანის პირველი უცხოური ვიზიტი მას შემდეგ, რაც გასულ თვეს სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რამაც თურქეთის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან სერიოზულად დააზიანა.
ვიზიტს დიდი ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთში, სადაც ზოგიერთი შიშობს, რომ ორმა მძლავრმა ლიდერმა, არაკეთილმოსურნემ განსხვავებული აზრებისადმი, შესაძლოა გამოიყენოს მათი მეგობრული ურთიერთობების განახლება ვაშინგტონსა და ევროკავშირზე ზეწოლის განსახორციელებლად და გააღვივოს დაძაბულობები ნატო–ს შიგნით, სამხედრო ალიანსში, რომლის წევრიც თურქეთია, – წერს "როიტერსი".
ლიდერები შეთანხმდნენ, გააღრმავონ ორმხრივი სავაჭრო კავშირები თავიანთი ეკონომიკების გასაძლიერებლად, რომელიც ორივე ქვეყანაში პრობლემების წინაშე დგას.
პუტინმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც რუსეთმა თურქეთს სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო დაუწესა, თანდათანობით მოხსნის. მაგრამ მან თვითმფრინავის ჩამოგდებას "ზურგში მუხანათური დანის ჩარტყმა" უწოდა.

"გვინდა სრული სპექტრის ურთიერთობების აღდგენა? დიახ, და ჩვენ მივაღწევთ ამას", – განაცხადა პუტინმა ერთობლივ პრეს კონფერენციაზე, მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ. "ცხოვრება სწრაფად იცვლება", დაამატა მან.
თურქეთის საჰაერო ძალების მიერ გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვარზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ, რომელმაც ორი რუსი სამხედრო მფრინავი იმსხვერპლა, მანამდე ორ ქვეყანას შორის არსებული ახლო პარტნიორული ურთიერთობა, უპრეცედენტო დაძაბულობამდე მიიყვანა. რუსეთმა ამ ინციდენტის შემდეგ თურქული საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალა, შეაჩერა ჩარტერული ფრენები თურქეთში, რომლის კურორტებიც მილიონობით რუსისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილებია. უფრო მეტიც, რუსეთმა ორი მთავარი პროექტიც გაყინა – გაზის მილსადენის მშენებლობა შავი ზღვის გასწვრივ და ბირთვული ქარხნის პროექტი.
ივნისის ბოლოს პუტინისთვის გაგზავნილ წერილში ერდოღანმა გამოხატა წუხილი და სინანული იმ ფაქტის გამო, რომ თურქეთის საჰაერო ძალებმა 24 ნოემბერს რუსული "სუ–24" ჩამოაგდეს სირიის საზღვართან. მან აგრეთვე მოუბოდიშა გარდაცვლილების ოჯახებს. ამას კი რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. პუტინმა ურთიერთობების განმუხტვისკენ გადადგა ნაბიჯები, მოხსნა ემბარგო თურქულ პროდუქციაზე, აღადგინა ჩარტერული რეისები.
ერდოღანის მობოდიშების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ორჯერ შედგა. ბოლოს პუტინი ერდოღანს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ესაუბრა და თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ჩანდა ძლიერ მოსურნე იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი სული შთაებერა, ერდოღანი კიდევ უფრო მეტად ენერგიულად გამოიყურებოდა, არაერთგზის უწოდა რა პუტინს მისი "ძვირფასი მეგობარი".
ორივე ქვეყნის ეკონომიკა პრობლემებს განიცდის. რუსეთის ეკონომიკას სირთულეები შეექმნა ნავთობზე ფასების დაცემის გამო. "შავ ოქროს" რუსეთის ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი ადგილი ეკავა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
რუსეთი ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნაში ასევე დიდი როლი ითამაშა იმ სანქციებმა, რომელიც მოსკოვს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, მის მიერ უკრაინის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერის გამო დაუწესა.
თურქეთის ეკონომიკას კი პრობლემები მისი შიდა კონფლიქტებიდან გამომდინარე შეექმნა. ეს არის ანკარის მიერ ქურთ სეპარატისტებთან და მუსულმანურ ექსტრემიზმთან ბრძოლა. ამას კი რუსული სანქციები და რუსი ტურისტების თურქეთში შესვლის აკრძალვა დაემატა. "როიტერსის" ინფორმაციით, პირველი ექვსი თვის მონაცემებით რუსი ვიზიტორების თურქეთში შესვლამ 87%–ით იკლო.
რუსი ტურისტებისთვის კარების გაღება და ორი მთავარი ენერგო პროექტის განხორციელების კვლავ დღის წესრიგში დაყენება, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი კი გაზსადენი და ბურთვული ქარხანაა, რომელსაც რუსეთი ააშენებს თურქეთში. ორივე პროექტის ღირებულება 20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, – წერს "დოიჩე ველე".
"როიტერსის" ცნობით, რუსეთისა და თურქეთის ყოველწლიური ორმხრივი ვაჭრობის მიზანი იქნება წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, რაც 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
გაზის მილსადენის პროექტის მშენებლობა, რომელიც ცნობილია, როგორც თურქული ნაკადი, ნიშნავს თურქეთისთვის რუსული გაზის დამატებით მიწოდებას და მომავალში ევროპაში გაზის შეტანის გაზრდას.
რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების მიზნით, უკრაინის გავლით არაერთი გაზასადენის პროექტის განხორციელებას ფიქრობდა, მაგრამ მათ უმრავლესობას ევროკავშირი ეწინააღმდეგებოდა იმ მიზნით, რომ შეემცირებინა მოსკოვიდან მოწოდებულ გაზზე დამოკიდებულება.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხდა, რომ "თურქული ნაკადის" პირველი ხაზი თურქეთის მოსამარაგებლად შესაძლოა 2019 წლამდე აშენდეს, მაგრამ რუსეთიდან ევროკავშირში თურქეთის გავლით მე–2 ხაზის მშენებლობისთვის სოლიდური ევროპული გარანტიები იქნება საჭირო.
შეჩერებული რუსული სამუშაოები აკუიუს ბირთვულ ქარხანაზე ასევე განახლდება, განაცხადეს ორი ქვეყნის ლიდერებმა. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, 2013 წელს "როსატომმა" 20 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტი მოიგო, რომ აეშენებინა 4 რეაქტორი, რომელიც თურქეთის პირველი ბირთვული ქარხანა იქნებოდა, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო შეჩერდა.
"ღმერთის ნება–სურვილით, ამ ნაბიჯებით მოსკოვი–ანკარას ალიანსი კვლავ იქნება ნდობისა და მეგობრობის ხაზი", განაცხადა ერდოღანმა.
ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებაზე შეთანხმების გარდა, ერდოღანის და პუტინის შეხვედრა სავსეა გეოპოლიტიკური ინტრიგით, –აღნიშნავს "დოიჩე ველე".
თურქეთი ნატო–ს წევრია და აცხადებს, რომ მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ მას ამ გზაზე გარკვეული დაბრკოლებები აქვს. გასული თვის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი დასავლეთში თურქეთისადმი წუხილები კიდევ უფრო გაიზარდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა მაგალითად, ორი დღის წინათ განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ევროპელი ლიდერები ამგვარ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანკარამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ მასობრივი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა.

როგორც შტაინმაიერმა გამოცემა "ბილდს" განუცხადა, თურქებისთვის ევროკავშირის ბლოკში უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება განხილული, რაც "ასოცირებული პირობები დაკმაყოფილდება, ამჟამად კი ეს საკითხი არ განიხილება".
მარტში თუქეთმა და ევროკავშირმა დადეს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ანკარა ევროპაში დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლას ალაგმავდა. გეგმის თანახმად, თურქეთი დათანხმდა საბერძნეთში ჩასული იმ სირიელი მიგრანტების უკან დაბრუნებას, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამის სანაცვლოდ კი, ანკარას დაჰპირდნენ ფინანსურ კომპენსაციას, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაჩქარებულ მოლაპარაკებებს, და უვიზო რეჟიმის დაწესებას.
თურქეთმა შეთანხმების თანახმად, 72–პუნქტიანი პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის ანტი–ტერორისტული კანონების რეფორმები, რომელიც ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენიციის დარღვევად არის მიჩნეული. ევროპელი ლიდერები ასევე შეწუხებულნი არიან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების მასშტაბებით – წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეჭვმიტანილი დისიდენტების დაპატიმრებებით.
როგორც "დოიჩე ველე" წერს, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მასობრივი წმენდისას, სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან დაახლოებით 19 000 ადამიანი დააპატიმრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.