"საარჩევნო პერიოდში რომ ერთმანეთის კრიტიკა იქნება, გასაოცარი არ არის. გასაოცარი ის არის, ბატონი ვოლსკი რატომღაც თვლის, რომ ჩვენ არ უნდა გავაკრიტიკოთ", - აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
"არ უნდა გაუკვირდეს არც გია ვოლსკის და არც ”ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, რომ ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ უნდა დაიცვას შევარდნაძის დროინდელი მინისტრები და ის ხალხი, რომლებიც ”ნაციონალური მოძრაობიდან” შერეკეს ”ქართულ ოცნებაში”, ეს სისულელე უნდა ახსნას იმით, რომ ”რესპუბლიკელებს” გაკრას კბილი. ეს ცოტა არ იყოს გულუბრყვილოა”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებაში” კოლექტიური ”ნაცმოძრაობა” გადაიბარეს და გია ვოლსკი ამის გამართლებას ცდილობს.
”ის ხალხი ყოველთვის იყვნენ და არიან მედროვეები. ვოლსკის უნდა, რომ ”რესპუბლიკელებზე” წკიპურტებით ეს გაამართლოს. მან თქვა, ერეკებოდნენ ”ნაციონალურ მოძრაობაშიო”. თუ ეს ხალხი ნახირია და ასე ერეკებიან, ასე ალბათ ახლა ”ოცნება” ერეკება თავის რიგებში. დაავიწყდა, რომ ხალხს აზროვნების უნარი აქვს და ბატონი ვოლსკის ნათქვამზე ვერ შეიცვლება ჩვენი აზროვნება. მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირია არ არის, არ უნდა გაუკვირდეს არც ვოლსკის, არც ”ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, რომ ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი. ახლა ლევან იზორიას ამდენს ტყუილს ვუპასუხეთ მხოლოდ იმით, რომ ამოვუღეთ დოკუმენტები, მაგრამ დადგება დრო და გავცემთ პასუხს. მართლაც ისე არ არის საქმე, რომ ვოლსკის ნათქვამს ვერ მოერიოს ”რესპუბლიკური პარტია”. არ არის ასეთი იოლი. შეიძლება ქართველი ხალხის თვალში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ბატონი ვოლსკი, მაგრამ ჩემს თვალში იმდენით სარგებლობს, რამდენსაც იმსახურებს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
გია ვოლსკი დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
“ეს რაღაც გაფანტული შემოტევაა - ერთი მხრივ, ვეთანხმები, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. მეორე მხრივ, თუკი მოკვლევით დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ჯგუფი იღებდა კონკრეტულ სარჩელს, ამ სარჩელს რეგისტრაციაში არ ატარებდა, ასწორებდა და გარკვეული შენიშვნებით მოსარჩელეს უკან უბრუნებდა, რატომ არ უნდა დავუშვა მე, რომ ეს მოსამართლეები წინდაწინ ამზდებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებას?! ამ მოსამართლეებმა ახლა გინდ კარი ჩაკეტონ, გინდა ფანჯარა გააღონ და გინდ სარკმელი... როგორ შეიძლება, ამ მოსამართლეებს ჩვენ ვუთხრათ, რომ დაანაბეთ ყველაფერს თავი და სახლში რომ წახვალთ, დაფიქრდით და ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორც კანონის და სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ მოსამართლეების ამ ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თინას მოუსმინოს. მე ბოლო ნაწილთან დაკავშირებითაც მეპარება ეჭვი - რაღაც უხეში გამოთქმები ძალიან ეადვილებათ ხოლმე.
”რესპუბლიკელების” ხელწერასავით გახდა: ”მოგიწოდებ, ეს ასე გააკეთო”, თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია სწორია და სახელმწიფო სწორი გზით მიგვყავს”, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ხიდაშელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
”1. საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ "მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო" და ზუსტად ასეა; 2. ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ. ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი; 3. თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით, კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვეტილებებში თქვით თქვენი სათქმელი; 4. ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ „ნაცების“ არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ და რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედეთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ”ნაცმოძრაობას”, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ”, - წერს ხიდაშელი Facebook -ის საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.