საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების გამო პასუხისმგებლობა საგარეო უწყებას ეკისრება.
როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განუცხადა, ეს იყო რამდენიმე უწყებასა და მათ ხელმძღვანელობას შორის შეთანხმებულად მიღებული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო თვით ირაკლი ღარიბაშვილიც, მისი შიანაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა კი მათ მაშინ გადმოეცათ, როცა პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი იყო და ამდენად, ფანჯიკიძე თვლის, რომ ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რას ითვალისწინებდა ეს გეგმა.
"მიდგომა, რაც ამ საკითხისადმი აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა, არის აბსოლუტურად არასწორი და მცდარი. საქართველოს დაახლოებით 120 ქვეყანასთან ჰქონდა უვიზო მიმოსვლა. საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება იყო მთავრობაში ერთიანი აზრი. გარდა ამისა, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადმოგვეცა მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი იყო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, მას უნდა სცოდნოდა, რას ითვალისწინებდა ეს გეგმა. ამასთან, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საემიგრაციო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია, რომლის თავმჯდომარე არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და არ ყოფილა მაია ფანჯიკიძე. აქედან გამომდინარე, მთელი ის კითხვები, რომლებიც არსებობს ამ პოლიტიკასთან მიმართებაში, უნდა წავიდეს სწორედ იუსტიციის სამინისტროსკენ და არა ყოფილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისკენ. თუ რაიმე გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგულაციებმა რამეს შეუშალა ხელი, პასუხისმგებლობა პირველ რიგში კომისიის თავმჯდომარეს კისრება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, ახალ რეგულაციებს ინვესტიციების მოზიდვასა და ტურისტების შემოსვლაზე არ შეეძლო გავლენა მოეხდინა, ვინაიდან იმ ტიპის ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია და ტურისტი შემოდის, ცვლილებები არ შეხებია.
"რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან შეიცვალა სავიზო რეგულაციები. აქ რამდენიმე ინტერესის გათვალისწინება იყო საჭირო, მათ შორის ეკონომიკური ინტერესის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია. იმ ქვეყნების მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად სჭირდებათ ვიზა, სწორედ უსაფრთხოების კუთხით გამოთქმული მოსაზრებები იქნა გათვალისწინებული. ამ მოსაზრებებს აფიქსირებდნენ ყოფილი შს მინისტრები - ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის დღევანდელი მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელიც იყო კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი და ამ საბჭოს დღევანდელი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, რომელსაც მაშინ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ასე რომ, ეს არ ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს იყო ამ უწყებებს შორის შეთანხმებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ეკონომიკური ინტერესის ნაწილს, რადგან საუბარი იყო იმაზე, ხომ არ შეაფერხებს ეს ინვესტიციებს, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და გადაწყვეტილების მიღებისას მისი ყველა შენიშვნა, რეკომენდაცია და წინადადება გავითვალისწინეთ. მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, სიდანაც, როგორც წესი, უნდა მოდიოდეს ყველაზე მეტი ინვესტიციები და ტურისტი, არაფერი შეცვლილა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.