საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება.
აღნიშნულით მთავრობის მეთაური საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარტია „ცენტრისტების“ უფასო საარჩევნო რეკლამის გასვლას ეხმაურება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა.
„მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს და აღვნიშნო:
1. დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და, შესაბამისად, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა.
2. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება.
3. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან“,-აცხადებს პრემიერი.
პარტია „ცენტრისტების“ უფასო საარჩევნო კლიპი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა. პარტია ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდება.
„რუსული პენსია ყველა პენსიონერს - 400 ლარი... მივიღებთ ორმაგი მოქალაქეობის კანონს... დავაკანონებთ რუსულ სამხედრო ბაზებს... ჩვენ დავიცავთ საქართველოს",- ნათქვამია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამაში.
დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს.
„მოგეხსენებათ, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება. აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამის დათმობისთვის მომართა (საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულმა) პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ცენტრისტები“ და წარმოადგინა წინასაარჩევნო რეკლამა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონით დადგენილი წესით რეკლამა განათავსა პირველი არხის ეთერში. დამატებით გვინდა განვმარტოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გასული არცერთი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი არ გამოხატავს მაუწყებლის პოზიციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, აჩერებს პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტები“ წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. დამატებით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განიხილონ აღნიშნული საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“,-ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.