საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგორ ცრნადაკთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას. ყურადღება დაეთმო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროების გააქტიურების საკითხს, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების მექანიზმებს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს როლზე.
მინისტრებმა ისაუბრეს სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების პერსპექტივაზე და უახლოეს მომავალში, განხილვის ეტაპზე მყოფი შეთანხმებების ხელმოწერის სურვილი გამოთქვეს.
ყურადღება, ასევე გამახვილდა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე.
შეხვედრაზე, ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, ბოსნიასა და ჰერცოგოვინასთან უფრო გააქტიურდება სექტორალური თანამშრომლობა.
„ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და მისწრაფებები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. მათ გაიარეს დიდი ხნის წინ ის პროცესი, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. შევთანხმდით, რომ უფრო გავააქტიურებთ ჩვენს სექტორალურ თანამშრომლობას, კონტაქტებს იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია გავცვალოთ, გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს ამ მიმართულებით, რათა საერთო ღირებულებებისადმი სწრაფვა ორივე ქვეყნისთვის იყოს წარმატებული. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ სახელშეკრულებო ბაზაზე. რამდენიმე ხელშეკრულება მზადდება ხელმოსაწერად, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ, კოლეგა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
იგორ ცრნადაკის თქმით კი მისი ვიზიტი საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, იმ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ გვსურს განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებშიც. შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ბიზნეს წრეების დაახლოვების ხელშეწყობაზე“, - განაცხადა იგორ ცრნადაკმა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთანაც გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.