გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატებზე: "მამიკო" ბიძინა არის ვალდებული, რომ ეს ხალხი მხრებზე დაისვას ახლა და შეიყვანოს და კაბინეტებში დასვას
16-08-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქებში "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას "ქართული ოცნების" "გადამწიფებული თინეიჯერივით" ქცევას ადარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი თვლის, რომ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ახალი სახეების წარდგენის შემდეგ "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები "დიდი უცნაურობების" შემცველია და მას "კურიოზულ ისტორიებამდე" მივყავართ და გამომდინარე იქედან, რომ არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს "პერსონალური პოლიტიკური კაპიტალი" არ გააჩნია, "ქართული ოცნებისთვის" ერთადერთი გამოსავალია, "ბიძინა ივანიშვილის რესურსების ხარჯზე, მის მხრებზე ამხედრებული დარჩეს კაბინეტებში". "მამიკო" ბიძინა არის ვალდებული, რომ ეს ხალხი მხრებზე დაისვას ახლა და შეიყვანოს და კაბინეტებში დასვას" – აცხადებს გია ხუხაშვილი Guardian.ge–სთან ინტერვიუში. 

 


Guardian.ge: ბატონო გია, როგორ შეაფასებდით "ქართული ოცნების" თბილისის სარჩევნო ოლქებში გუშინ დასახელებულ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს? (მათ შორის ბევრი სპორტსმენია - ფეხბურთელები: ყაველაშვილი, კობიაშვილი, ყოფილი მორაგბეები, ბიძინა გეგიძე და ირაკლი აბუსერიძე, ასევე ყოფილი სპორტსმენი შოთა ხაბარელი, მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი...)

 

 

გია ხუხაშვილი: "მე პერსონალურად არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ყველას ვუსურვებ წარმატებას. პრობლემა გახლავთ იმაში, რომ "ქართული ოცნება" იქცევა "გადამწიფებული თინეიჯერივით". დაიწყეს იმით, რომ წარმოგვიდგინეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ახალი სახეები და მთავარი აქცენტები გააკეთეს უცხოეთში მიღებულ განათლებაზე, უმწიკვლო წარსულზე და ა.შ. ამის შემდეგ კი მაჟორიტარულ ოლქებში დიდი უცნაურობები დაიწყო. "ქართული ოცნებისთვის" ეს დამახასიათებელია, რომ თავიდან აქვთ კეთილი სურვილები, რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთონ, მერე ხვდებიან რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ და იწყება ძალიან სასაცილო, შეიძლება ითქვას, კურიოზული ისტორიები. რომ დაინახეს ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ აკეთებდნენ, უბრალოდ გაიყვეს რაოდენობები; ფეხბურთელმა - ფეხბურთელები მოიყვანა, მსახიობმა - მსახიობები მოიყვანა, ინტელექტუალმა ინტელექტუალები მოიყვანა (იცინის). ასეთი ეკლექტური სურათი მივიღეთ. ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება იმ კონცეფციას, რისი თქმაც უნდოდა განახლებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. როგორც ჩანს, ჰარვარდი საქართველოში მაინც და მაინც არ აღიქმება სერიოზულად. მოკლედ, პროექტი ჰარვარდი ჩაფლავდა (იცინის).

 


ყველაზე ცუდი ის არის, რომ პერსონალური პოლიტიკური კაპიტალი ამ ადამიანებს არც ერთს არ აქვთ. მათი გარკვეული ნაწილის კვალიფიკაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ბუნებრივია. ისევ და ისევ აპირებს "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის რესურსების ხარჯზე, მის მხრებზე ამხედრებული დარჩეს კაბინეტებში. ახლა პოლიტიკური ელიტა კი არ იქმნება, ისევ და ისევ ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებით აპირებს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენას გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ვერ შექმნა და ვერ დააგროვა და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ გააკეთა. "მამიკო" ბიძინა არის ვალდებული, რომ ეს ხალხი მხრებზე დაისვას ახლა და შეიყვანოს და კაბინეტებში დასვას".

 

 

Guardian.ge: ზოგადად მაჟორიტარებს რაც ეხება მთელი საქართველოს მასშტაბით, "ქართულმა ოცნებამ" ბევრ საარჩევნო ოლქში ყოფილი "ნაციონალები" წარადგინა. მაგალითად, ხობში- გოდერძი ბუკია; ლენტეხი, მესტია, ცაგერი, ამბროლაური, ონის გაერთიანებულ ოლქში გოჩა ენუქიძე; დმანისის და წალკის ოლქში კახაბერ ოქრიაშვილი, ნინოწმინდა-ახალქალაქში ენზელ მკოიანი, ხულო-შუახევი-ქედას ოლქში ანზორ ბოლქვაძე... როგორ ფიქრობთ, რატომ წარადგინა ეს კადრები გიორგი კვირიკაშვილმა?

 


გია ხუხაშვილი: "ეს არის ის ისტორია, რომელიც აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" მუდმივი აპელირება სისხლიან 9 წელზე, არის სრული ფარსი და მეტი არაფერი. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი და არა ფასეულობათა ჭიდილი. წარმოიდგინეთ ადამიანებზე, რომლებიც 2012 წელს "ცოცხების ფონზე" იყარეს კენჭი "ნაციონალური მოძრაობიდან", მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა არის მათზე. ეს ადამიანები მოგყავს უკვე შენს პარტიაში გადმობარგებული და შენი სახელით, ფაქტია, რომ ეს დეპუტატები არიან "მიგრანტები", რომლებიც მიგრირებენ "თბილ ქვეყნებში" შევარდნაძიდან მოყოლებული, ანუ ისინი ეძებენ სადაც არის ზაფხული, ანუ ხელისუფლება. ესენი არიან "გადამფრენი" დეპუტატები. ამ ადამიანებზე ხელს რომ აწერ და ამ ადამიანებთან თანამშრომლობ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ფასეულობები კი არ გაინტერესებს, შენ იბრძვი მხოლოდ ძალაუფლებისთვის. თუ ძალაუფლებისთვის იბრძვი, მაშინ მე რაღაც პათეტიკით ნუ მელაპარაკები ფასეულობებზე და ა.შ თქვი, რომ შენ გინდა სკამი და დაამთავრე ამით უბრალოდ".

 


Guardian.ge: თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, რამდენად არიან ყოფილი "ნაციონალები" ახლა უკვე "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული პიროვნებები მოქმედი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების გარანტები? ანუ რა ბერკეტი აქვთ მათ საამისოდ?

 


გია ხუხაშვილი: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში, საკუთარი თანხებით აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას. ფინანსებს კი, რად უნდა ლაპარაკი, რომ არჩევნებში საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რაიონების "მაყურებლებად", რაიონების "პატრონებად" ჩამოყალიბდნენ ფაქტობრივად, არაჯანსაღი გაგებით, მე ვიტყოდი. ეს არ არის ახალი ამ ქვეყანაში, ეს არის მანკიერი წრე, რომელიც ვერ გაარღვია ამ ქვეყანამ.

 

 

Guardian.ge: რა შეფასებას მისცემდით მთაწმინდის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მხრიდან კანდიდატის არდაყენებას და იქ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, რომელიც საინიციატივო ჯგუფიდან, დამოუკიდებელ კანდიდატადაა დარეგისტრირებული?

 


გია ხუხაშვილი: "ეს ძალიან კურიოზული ისტორიაა. წარმოიდგინეთ, რომ სალომე ზურაბიშვილსაც კი ჰგონია, რომ "ქართული ოცნებით" კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო რამდენიმე თვეა დაკავებული იყო ყველაფრის "გაპრავებით", რასაც "ქართული ოცნება" აკეთებდა, მიაჩნია რომ "ქართული ოცნება" იქნებოდა გარკვეული კომპრომატი არჩევნებზე და პრობლემის შემქმნელი და არა ხელშემწყობი. ეს კი მე ვფიქრობ შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო "ქართული ოცნებისთვის" და მათ მხარი არ უნდა დაეჭირათ. პოლიტიკურ გათვლებსა და ღირსებაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ვიღაცამ უთხრა და გააკეთეს ასე.

 


მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სალომე ზურაბიშვილი ადვილად მოიგებს მთაწმინდას, მე არა მგონია, რომ ის მაინც და მაინც პოპულარული იყოს მთაწმინდაზე, მით უმეტეს თავისი ამ ეგზოტიკური "ერთი პაჩკა პაპიროსით". როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დღეში სამი "პაჩკა პაპიროსის" მოწევა მოუწევს ნერვიულობის ნიადგაზე".

 

 

Guardian.ge: დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსი და იქნება თუ არა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საჭიროება?

 


გია ხუხაშვილი: გამომდინარე იქედან, რომ 60%-ზე მეტი ამომრჩეველი ან არ მიდის არჩევნებზე, ან არ აქვს გადაწყვეტილი წავა თუ არა და ვისაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ვერ გააკეთა არჩევანი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად პოლიტიკური ელიტა იმყოფება ღრმა კრიზისში. "ქართული ოცნების" მთავარი კოზირი დღეს არის ის, რომ დანარჩენი პოლიტიკური ელიტა ძალიან ცუდ დღეშია რბილად რომ ვთქვათ. აქ არის ორი სცენარი: თუ ეს ვითარება შენარჩუნდა და პოლიტიკურმა ელიტამ გარდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისა" ვერ შესთავაზა ღირსეული ალტერნატივა ამ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დაბალი აქტივობის არჩევნებს და 4 მაქსიმუმ 5 პარტია გადალახავს ბარიერს.

 


თუ პარტიული ელიტა გააქტიურდა და ჩვენ მივიღეთ მინიმუმ 65%-იანი არჩევნები აქტიურობით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ პარლამენტში შეიძლება ვიხილოთ 6-8 პარტიამდე. მაღალი აქტივობის შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება საპარლამენტო კოალიციის შექმნის აუცილებლობა. მაღალი აქტივობა ფაქტობრივად გამორიცხავს "ქართული ოცნების" მხრიდან ხელისუფლების საკონტროლო პაკეტის აღებას არჩევნებზე".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი