საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გონიოში ჩავიდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობასა და გამოძიების დეტალებს გაეცნენ.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაკარგული სამხედროების მშობლებსაც გაესაუბრნენ.
ერთ-ერთის მშობელმა, იაგო შარაძემ ლევან იზორიას უთხრა, რომ მისი შვილი კარგად ცურავდა და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ინსტრუქტორის მხრიდან უყურადღებობას.
„ხომ შეიძლებოდა მასწავლებელს მიექცია ყურადღება? - უბრალო უყურადღებობამ დამიღუპა შვილი. აქვე გაიზარდა ჩემი შვილი, ძალიან ძლიერი მოცურავე იყო, მას არაფერი არ შეეშლებოდა“, - აღნიშნა იაგო შარაძემ.
როგორც ლევან იზორიამ მშობლებს განუცხადა, პირად კონტროლზე ჰყავს საქმე აყვანილი და გამოძიება დაადგენს მომხდარის მიზეზებს.
„გამოძიება დაიწყო და მიზეზებს დავადგენთ. თუ ეს იყო დაუდევრობა, ბუნებრივია, პასუხს აგებენ, გაძლევთ პირობას. ახლა მთავარი ამოცანაა სამაშველო ოპერაცია მივიყვანოთ ბოლომდე. ამერიკელებიც აქ არიან, თურქულ მხარეს ვთხოვეთ დაგვეხმარონ, მათ აქვთ გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების. პირად კონტროლზე იქნება ეს საქმე, ძალიან გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.