"მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ - ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - აღნიშნული განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ერთდღიანი ვიზიტის შეფასებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა.
„მე ვიყავი მოსკოვში და შევხვდი ბატონ ნარიჟკინს, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე და რომელიც იქნება რუსეთის მომავალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ შორის შედგა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება. გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდგომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს.... თუ აუცილებელი გახდა არჩევნებამდე კიდევ შეხვედრის გამართვა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, თუმცა თვითმიზანი არც ერთი ვიზიტი და არც ერთი შეხვედრა არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მოსკოვში ვიზიტის შესახებ უფრო ვრცლად პარტიის სათაო ოფისში დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.