თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრაში გამწვანების და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურები და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია არიან დამნაშავეები.
ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, სადაც გამოსაკითხად ის პირები დაიბარეს, რომლებიც ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის პროცესს შეესწრნენ.
„აქ კენედის მკვლელობა არ მომხდარა და არც არაფერი. არის ერთმნიშვნელოვანი დანაშაული გამწვანებისა და ზედამხედველობის სამსახურების და თავად დავით ნარმანიასი. რა არის აქ გამოსაძიებელი?! მივიდა ვიღაც კომპანია და მოჭრა საღ-სალამათი ხეები”, - განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, აღნიშნულ შემთხვევაში მერიის განცხადება ანეკდოტურია და იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს ხეების მოჭრის ნებართვის გაცემამდე უნდა გაეკეთებინა.
„ერთია როცა ექსპერტი, თუნდაც არაკეთილსინდისიერი დებს დასკვნას, მაგრამ ამის შემდეგ წესი და კანონი ითვალისწინებს, რომ გამწვანების სამსახურს ადგილზე უნდა გადაემოწმებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცა ნებართვა, ხოლო ჭრის პროცესი უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელებულიყო. ეს ორი რამ არ შესრულებულა. ალბათ დიდი ფულის ტრიალი იყო და იმიტომ. გამწვანების სამსახურის უფროსი, რომელიც პირადად პასუხისმგებელია ამაზე, არ უნდა იყოს ასე სამარცხვინოდ სკამს ჩაბღაუჭებული”, -განაცხადა ელისაშვილმა.
გუშინ მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ყაზბეგის N22-ში ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია. მერიის ცნობით, მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს „ფორესთ კომპანის“ მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.
„შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე. ამასთან, ვავრცელებთ შპს „ფორესთ კომპანის“ დასკვნას და ამავე დასკვნის საფუძველზე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ გამწვანების სამსახურის მიერ თანხმობა გაიცა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე. ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს “ორბი ჯგუფი თბილისისთვის” გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროსი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია, სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობას, დაგეგმილია 150 მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება. უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, თბილისის მერია ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობს ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
თბილისის მერია საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის N 22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ.მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, რომელიც არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტი და რომელშიც 200-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მოწვეული ექსპერტია ჩართული, მერიამ შეაჩერა ე.წ. კ-2 კოეფიციენტით - ანუ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი თბილისის ცენტრში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიურობა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისა და ქალაქის მომავალი განვითარებისთვის სასიკეთო შედეგებზე იქნება ორიენტირებული”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.