„ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე.
მისი განმარტებით, სწორედ ადიგენზე გაივლის ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალები, რაც დიდ ბიძგს მისცემს მთლიანად რეგიონის განვითარებას და ადიგენში ბიზნესაქტივობას შეუწყობს ხელს.
გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მოსახლეობას ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გიორგი კოპაძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ჯანმრთელობის დაცვას, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წარმოების განვითარებას. მანვე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას, რაც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.
„დღეს გარკვეული პროფესიის ადამიანები სანთლით საძებარია და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს პროფესიით, რაც ჭარბად არის ქვეყანაში. ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე, როცა არ ვაძლევთ სწორ მიმართულებას მათ. ეს აუცილებლად გამოსწორდება და ამ პროცესს წარმატებული შედეგით დავასრულებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია.
„ყოველგვარი ემოციის გარეშე მინდა გითხრათ, უნდა დასრულდეს ჩვენი ისედაც პატარა ერის გათითოკაცება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე, ჩვენი ახალგაზრდების უკეთესი განათლება და მათი დასაქმება, შუა ასაკის ადამიანების ბოლომდე ჩართვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად ახალი ქვეყანა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ადიგენის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.