საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობის, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობის და კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი აგვისტოსთვის 14.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 448.9 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით მეტია პირველი ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 3.0 პროცენტი). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 272.9 მლნ ლარით ანუ 3.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 3.2 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 176.0 მლნ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.6 პროცენტით). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით 1.60 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.55 პროცენტული პუნქტით ნაკლები). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.1 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.0 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობას, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 224.1 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის 16.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 156.5 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 67.6 მლნ ლარით (0.6 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.4 პროცენტით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 9.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.9 მლრდ ლარის (0.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით ნაკლები). 2016 წლის ივლისის განმავლობაში 1.2 პროცენტით ანუ 95.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.97 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.53 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი 2016 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 5.7 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.6 პროცენტით) და 26.7 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.