IDFI: საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია
01-09-2016, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) განცხადებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია.

 

 

ამის შესახებ საუბარია IDFI-ის პოლიტიკის დოკუმენტში - „კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა“, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

 

 

„რუსეთის ფედერაცია სულ უფრო ეფექტიანად იყენებს პროპაგანდას, როგორც იარაღს სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად, ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. მართალია, საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კრემლის მიერ პროპაგანდის გამოყენება არ არის ახალი მოვლენა, თუმცა, მისი ხარისხი და მასშტაბები ბოლო წლების გამავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დასავლური ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც დაიწყეს პროპაგანდის რეალური საფრთხის გაცნობიერება, საქართველოს ხელისუფლებამაც დროულად უნდა აღიაროს ამ მზარდი პრობლემის არსებობა და შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.

 

 

მედია საშუალებები - საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია საშუალებებია. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლურიმესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს. თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება.

 

 

რუსული მედია ქართულ სატელევიზიო სივრცეში - საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2016 წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს.

 

 

გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ ქართველი ტელემაყურებლების თითქმის ნახევარი (47%) ქართული არხების გარდა უცხოურ არხებსაც უყურებს. ყველაზე პოპულარული უცხოური არხები კი რუსული არხებია (HTB, ORT და RTR) (იხ. სურათი #2).

 

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევის მიხედვით, საქართველოს ტელემაყურებელთა 23% პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს უცხოური არხებიდან, რომელთა უმეტესობა რუსულია, გამოდის, რომ პოტენციურად კრემლის პროპაგანდას, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი ორგანიზაციის გამოყოფა შეიძლება - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს.

 

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში, ხშირად, ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან.

 

 

პოლიტიკური პარტიები - საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი. რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, პირდაპირ ან ირიბად, ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია:

 

 

1. პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს;

 

 

2. პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.

 

 

განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო; სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.

 

 

აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილების და ზოგჯერ მკაფიოდ ანტი-დასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება.

 

 

სასულიერო პირები - დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები. რთულია დავადგინოთ, ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ.

 

 

სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობით და გავლენით სარგებლობენ.

 

 

NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევით ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 35%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მრევლის ან მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა“,-ნათქვამია IDFI-ს დოკუმენტში.

 

 

სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://idfi.ge/ge/informational-war-of-kremlin-against-georgia-the-necessity-of-having-state-policy-against-propaganda

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი