რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა.
დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ პატიმრის ადგილას თავადაც გაიქცეოდა, არღვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებს და წარმოადგენს არაპროფესიულ დამოკიდებულებას საადვოკატო საქმიანობისადმი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის განცხადება შეიცავს წაქეზებას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების მიმართ არასამართლებრივი ხერხებით თავი დააღწიონ სასჯელის მოხდას და არ დაემორჩილონ დაწესებულებებში დადგენილ წესებს.
"განცხადება საფრთხის შემცველია პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და მიმართულია სისტემის დისკრედიტაციისკენ.
სამინისტრო არ დატოვებს აღნიშნულ განცხადებას რეაგირების გარეშე და საჩივრით მიმართავს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომისიას ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულები იყოფიან საშიშროების ოთხ რისკად - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი და დაწესებულებებში მათი მოთავსება საშიშროების რისკის შესაბამისად ხდება. N6 პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არიან განთავსებულნი და დაწესებულებაში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულებას გასულ წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღიჭურვა და მოეწყო თანამედროვე ევროპული სტანდრტების შესაბამისად, სადაც მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით, საშიშროების რისკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ დაწესებულების მონიტორინგს, როგორც ინდივიდუალური ვიზიტების, ასევე, სისტემური მონიტორინგის ფარგლებში.
პატიმარი ოთარ ვარამაშვილი საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულია, შესაბამისად, ის სასჯელს სწორედ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პენიტენციური სისტემის დეზორგანიზებისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან”, - ნათქვამია განცხადებაში.
პატიმარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გუშინ გაიქცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.