საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამადლობელი სიტყვებით გახსნა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მტკიცე პოზიციისთვის მადლობა მოახსენა.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე ნატო-სა და საქართველოს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ ნატო-ს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ღონისძიების მონაწილეებს დავით უსუფაშვილი მიესალმა და საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მისი შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატოს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატოში წევრობა აშორებს.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატო-ს წევრი ქვეყნების მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატო-ს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ თქვენ სტუმრობას საქართველოში და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. მადლობას მოვახსენებ ნატო-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც დღეს წარმოდგენილია საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში. საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც. ეს იქნება ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოში ნატოს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაგრძელება ამ თანამშრომლობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ სწორედ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე - კი თუ არა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე - რომელი გზა უფრო ახლოა და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია, რომელიც ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენეთ დღეს დილის შეხვედრაზე, გვინდა რომ იყოს სწორად და პირდაპირ გაგებული ქართული საზოგადოების მიერ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და ველი ნაყოფიერ მუშაობას დღეს მომდევნო სესიის განმავლობაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები და პარლამენტის ბიუროს წევრები დაესწრნენ.
2008 წლიდან მოყოლებული ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში. მისი გამართვის შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის 8-9 ივლისს, ვარშავის ნატოს სამიტზე იქნა მიღებული.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან.
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე პოლიტიკური და სამოქმედო საკითხები განიხილება, ხოლო გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.