„დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის მოამზადებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ჩატარება ნათელ გზავნილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის გზას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის მოამზადებს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ალიანსის ყველა სახელმწიფო მზად არის გაგვიწიოს დახმარება ვარშავაში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ამისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები სწორად იქნება შეფასებული და წარდგენილი ბრიუსელის სამიტზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მისიებში ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოსა და გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს იცავს საერთაშორისო მისიებში“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ვარშავის სამიტმა საქართველოს მისცა რეალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გააღრმაოს როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები, ისე მიუახლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს.
„ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ნათელყო, რამდენად რეალურია ეს შესაძლებლობები. არაერთი ქვეყანა კონკრეტულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს იღებს ჩვენი დახმარების თვალსაზრისით. ეს არიან ქვეყნები ნატო-ს მთელი შემადგენლობიდან, რომლებიც საუბრობენ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და თავდაცვის რეფორმების კონკრეტულ მხარდაჭერაზე და ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ. ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელის სამიტამდე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ავითვისოთ ეს დახმარება და შესაძლებლობები, რაც ვარშავის სამიტმა შეგვიქმნა, რისი კონკრეტული პარტნიორებიც გვყავს და წარმოვადგინოთ ისეთი განხორციელებული სამუშაო, რომელიც ადეკვატურად იქნება შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე და აღნიშნა, რომ არაერთხელ გამახვილებულა პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის პრობლემატიკაზე.
„ეს რეგიონი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. ჩვენი საერთო ამოცანაა უზურუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის ზღვად.
თანამედროვე, დინამიკურად ცვალებად მსოფლიოში უსაფრთხოება მხოლოდ თანამშრომლობითა და ერთიანობით მიიღწევა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს გლობალურ უსაფრთხოებას.
ნატოში ინტეგრაციის გზა ეს ქართული სახელმწიფოებრიობის გზა არის, საქართველოს ნატოში გაწევრიანება კი ნიშნავს ჩვენი რეგიონის სიმშვიდის, უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, -განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.