არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ხათუნა ლაგაზიძის მიერ მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების მიზეზის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ის, რომ ხათუნა ლაგაზიძემ „გირჩის“, „ახალი საქართველოს“ და „მემარჯვენეების“ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანების შემდეგ მოძრაობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მაშინვე არ მიიღო, როგორც ეს მისმა თანაპარტიელმა მერაბ მეტრეველმა გააკეთა, ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს.
როგორც ადამაშვილმა აღნიშნა, ხათუნა ლაგაზიძისთვის საარჩევნო სიაში ე.წ. გამსვლელი ადგილი არ მოიძებნა.
„წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და დღეს მეტად მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო საზოგადოების ყურადღება. მინდა, ხათუნა ლაგაზიძის მიერ პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების მიზეზის შესახებ ვისაუბრო.
ხათუნა ლაგაზიძის მიერ საუბარი იმის შესახებ, რომ „პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია თავისი სტრუქტურებით და ადამიანებით“ – ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. ისმის კითხვა, რატომ?! მიმაჩნია, რომ თუკი მისი პარტიიდან წამოსვლის რეალური მიზეზი ის იყო, რომ ბურჭულაძის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები – ზურაბ ჯაფარიძე თავისი „გირჩით“, გიორგი ვაშაძე და სხვები შეუერთდნენ, მაშინ რატომ ამ ფაქტის გახმაურებისთანავე არ დატოვა ქალბატონმა ლაგაზიძემ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, როგორც ეს მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა მერაბ მეტრეველმა გააკეთა. ბუნებრივია პასუხი მარტივი ჩანს – ლაგაზიძის გუშინდელი ნაბიჯი არა მის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას ყოფილი „ნაციონალები“ შეუერთდნენ, არამედ ის უნდა იყოს, რომ მისთვის საარჩევნო სიაში ე.წ. გამსვლელი ადგილი არ მოიძებნა“,-განაცხადა ადამაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამ მოსაზრების გასამყარებლად საზოგადოებას „გირჩის“ ლიდერის განცხადება შეახსენა.
„ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ, მაშინ როდესაც ის და ვაშაძე ბურჭულაძის პარტიაში გაერთიანდნენ, ამის წინააღმდეგი მხოლოდ მერაბ მეტრეველი იყო, ხათუნა ლაგაზიძე კი, ოვაციებით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას.
თუ ოვაციებით არ შეხვდა, მაშინ აუხსნას საზოგადოებას, რატომ მაშინვე არ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ, რატომ მაშინვე არ გააპროტესტა „ნაციონალების“ პორტირება პაატა ბურჭულაძის პარტიაში?!
ასევე შეგახსენებთ, ერთ საინტერესო ფაქტს, კერძოდ კი იმას, თუ რა უძღოდა პაატა ბურჭულაძის პარტიის ისნის საარჩევნო ოლქის ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, იოსებ ხიმშიაშვილის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა პარტია. მან, მისივე სიტყვებით, ბურჭულაძის პარტია დატოვა ზუსტად იმ მიზეზით, რომ ბურჭულაძე გაერთიანდა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიებთან. ხიმშიაშვილი აცხადებდა, რომ ბურჭულაძე იყო მიხელ სააკაშვილის პროექტი. ხათუნა ლაგაზიძე და მისი თანაპარტიელები კი ამბობდნენ, რომ ხიმშიაშვილის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან იყო მართული. დღეს კი ხათუნა ლაგაზიძე თავად მიდის პარტიიდან და დაახლოებით იმავეს იმეორებს. აქ უკვე შეკითხვები აღარ ჩნდება“,-აღნიშნა ადამაშვილმა.
მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, „ორმაგ თამაშებს შეეშვან“.
„მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ორმაგ თამაშებს შეეშვან, ერთხელ და სამუდამოდ გააანალიზონ ის, რომ საზოგადოებას საკმარისად აქვს ჭკუა, რომ მიხვდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს რა ამოძრავებს. ერთ დღეს ქება-დიდება პარტიის, შემდეგ კი პარტიის დატოვება და ლანძღვა, კარგს არაფერს მოუტანს არც თავად პოლიტიკოსებს და არც საზოგადოებას“,-განაცხადა „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.