„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახა კალაძის განცხადებით, დამტკიცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება.
აღნიშნულით კახა კალაძე ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ვენეციის კომისიისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.
„შიდა ზეწოლას რაც შეეხება, ჩვენ ყველანი მომსწრეები გავხდით, პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც იქნა გაჟღერებული, დამტკიცდა, რომ მოსამართლეებზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება. თავად მოსამართლეები საუბრობდნენ ამ ყველაფერზე და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იქნა გამოყენებული“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, არც ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლა არ დამტკიცდა.
„ამას ამბობდა მხოლოდ პაპუაშვილი და მოსამართლეების მხრიდან არანაირი განცხადებები და მინიშნებები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა“,- განაცხადა კალაძემ.
ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტის, ჰერდის თორგეირსდოტირის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან. ამის შესახებ მან ბათუმში, სასტუმრო ,,რედისონში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას.
„ვენეციის კომისიისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ხაზს ვუსვამთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას. ის არის უმაღლესი სასამართლო ქვეყანაში, რომელიც არის კონსტიტუციისა და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები იყვნენ სრულიად დამოუკიდებლები და არ განიცდიდნენ ზემოქმედებას პოლიტიკოსების მხრიდან, რომ მათ შეეძლოთ, ყოველგვარი გარე ზეწოლისგან კანონის დაცვა კანონის უზენაესობისთვის, საზოგადოების ინტერესებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, – განაცხადა ჰერდის თორგეირსდოტირიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.