„ჩვენ პრორუსული პარტია ნამდვილად არ ვართ, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პროქართული ორიენტაციის პარტია“, - განაცხადა „მრეწველების“ ლიდერმა, გოგი თოფაძემ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, „მრეწველებს“ აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ“.
მისი თქმით, „ალბათ, ბიძინასაც რაღაცები ეშლება“.
„ჩვენ პრორუსული პარტია ნამდვილად არ ვართ. ჩვენ 16 წელია ვართ პოლიტიკაში და პირველი დღიდან იმ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, რაც საქართველოს დაემართა ამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით პროქართული ორიენტაციის პარტია. ახლაც ამას გავაგრძელებთ. რაც შეეხება პრორუსულობას, ალბათ, ბიძინასაც რაღაცები ეშლება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს. თვითონაც გულდამწვარი პატრიოტია ჩვენი ქვეყნის. ამ თემაზე ბევრი გვისაუბრიათ და მან კარგად იცის, რა პოზიციები გვიჭირავს ჩვენ. რას ვლაპარაკობთ ამ 15 წლის მანძილზე. რაზე დაიჭირეს ჩვენი ბევრი ლიდერი, წაართვეს ბიზნესი, რადგან სწორედ ამ პოზიციაზე იდგნენ“, - განაცხადა გოგი თოფაძემ და დასძნია, რომ საქართველოს არავის კარნახით ცხოვრება არ გამოადგება და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, ისტორიით.
„ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი კარნახი, თქვენმა კარნახმა აქამდე მიგვიყვანა, რომ სახელმწიფო დანგრეულია და ამდენი გაუბედურებული ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი შანსი არის რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა.
გუშინ ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „მრეწველების“ ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებები ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ.
„მრეწველები“ ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, რომელიც ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ, შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს „მრეწველებს“, შესაბამისად, ფავორიტებში „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ გვერდით ვეღარ დავასახელებდი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.