კამპანიაში „ეს შენ გეხება“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სწრაფად, ჯეროვნად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების საკითხი.
„კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტი. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ფარული თვალთვალი და მიყურადება, წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, როგორც ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, ასევე მოსმენების შესახებ არსებული სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება.
ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2016 წლის 14 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კამპანიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი სისტემა. კერძოდ, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა ინტერნეტურთიერთობაზე და აბონენტების ვინაობის, მათი ადგილმდებარეობის და კომუნიკაციისთვის გამოყენებული მოწყობილობების შესახებ მონაცემების მოპოვება და 2 წლის ვადით შენახვა სასამართლოს ნებართვის გარეშე.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს, ამ დრომდე არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები. ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. სამწუხაროდ, მოქმედი პარლამენტის პირობებში, შემუშავებული კანონპროექტის ინიცირებაც კი ვერ მოხერხდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
სწრაფად, ჯეროვნად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების საკითხი;
ფარული თვალთვალისა და მიყურადების არაკონსტიტუციური სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის სათანადო გარანტიების შემუშავების მიზნით, მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები;
შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს“,-ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.