ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ძალიან განათლებული კაცი და წონიანი პოლიტიკოსია და ისურვებდა, რომ სიით აუცილებლად მოხვდეს პარლამენტში.
აღნიშნულით ზაზა ხუციშვილი Guardian.ge-სთან საუბრისას, ბერძენიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „რესპუბლიკელი“ მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ზაზა ხუციშვილს დაამარცხებს და თუ ეს ასე არ მოხდება „მდინარეს მისცემს თავს“.
როგორც ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, ბერძენიშვილის ეს განცხადება იუმორით ნათქვამია.
„მე ასე არ გავიგე, რომ რეალურ კონკურენტად არ აღმიქვამს. ბატონი ლევანი დიდი ხანია პოლიტიკაშია, მე ახალი სახე ვარ და მგონი, ამას გულისხმობდა. ნათქვამი იუმორით იყო. მე პატივს ვცემ ბატონ ლევანს, ძალიან განათლებული კაცი და წონიანი პოლიტიკოსია. ვისურვებდი, რომ სიით აუცილებლად მოხვდეს პარლამენტში და სიამოვნებით ვითანამშრომლებ. რაც შეეხება ვაკის მე-3 მაჟორიტარულ ოლქს, აქ მე ვიბრძოლებ აუცილებლად გამარჯვებისთვის“,-თქვა მან.
რაც შეეხება კითხვას - „თუ ვის მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეალურ კონკურენტად?“ - ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ მისი ყველაზე რეალური კონკურენტი ლევან ბერძენიშვილია.
„მე ყველა კონკურენტს სავსებით რეალურად ვაფასებ, გარკვეული სხვადასხვა უპირატესობა მაქვს, ამიტომ ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. საერთოდ, კონკურენტის არასწორად შეფასება არის ძალიან დიდი შეცდომა.
„ნაციონალებს“ ჰყავთ პეტრე ცისკარიშვილი. ლევან ბერძენიშვილი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ყველაზე რეალური კონკურენტი ის არის. ასევე, ნაკლებად ვიცნობ გია ნუცუბიძეს, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი გახლავთ“, -განაცხადა ხუციშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ვაკის მე-3 ოლქში ფაქტობრივად მარტო იბრძვის.
„ფაქტობრივად, მარტო ვიბრძვი, პოლიტიკური ბრძოლა ვისთან უნდა გავმართო, გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პეტრე ცისკარიშვილთან ძნელია ძალიან. მათ პრობლემა აქვთ, ჰყავთ ამომრჩეველი, რომლის გარდა 1 კაციც არ მისცემს ხმას. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს წარმოდგენილი ჩემი საყვარელი ჯგუფის ვოკალისტი და ხელმძღვანელი ზაზა ხუციშვილი, რომელმაც თქვა, რომ უპირატესობები მაქვს მე სხვებთანო და გეტყვით რა უპირატესობები და რატომ ვფიქრობ, რომ მასთან გამარჯვება შესაძლებელია. მისი პირველი უპირატესობა - ჩვენ ვართ მმართველი პარტია და გვაქვს მაღალი პროცენტი; მეორე უპირატესობა - ჩვენ გვყავს კვირიკაშვილი; პირადად მისი მესამე უპირატესობა - გამგეობა ჩვენია. უკაცრავად, მაგრამ ასეთ კაცს თუ ვერ დავამარცხებ, თბილისში ერთი მდინარე არ ჩამოდის, რამდენიმეა და შეიძლება თავი რამეს მივცე. მე ვაპირებ ბრძოლას და გამარჯვებას“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.