ქალაქ ახალციხის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ვლადიმერ ზედგინიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი, კერძოდ, გამგებლების მიმართ გამოთქმულ მრავალჯერად კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების პირველი პირების მხრიდან თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარსამართად გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებას ექნება. ამგვარი, "ზედა ეშელონებისაგან" დამოუკიდებლობა კი, მისი აზრით, მოსახლეობაში მათდამი "ნდობის ფაქტორსაც აამაღლებს" და "სახეზე ეფექტური მმართველობის მაგალითები გვექნება". ზედგინიძე, ახალციხეში "ქართულ ოცნების" მერობის კანდიდატის პოსტზე რეკომენდატორად პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ასახელებს. იგი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მისთვის "ხატს" არ წარმოადგენს, თუმცა მას ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ ივანიშვილი "საქართველოსთვის ხატია".
როგორ ესახება ქალაქ ახალციხეში არსებული პრობლემების მოგვარება, ვინ მიაჩნია მის კონკურენტებად, რას ჰპირდება ახალციხელებს გამარჯვების შემთხვევაში, ამ და სხვა საკითხებზე ვლადიმერ ზედგინიძე Guardian.ge-ს ესაუბრა.
Guardian.ge: საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინტენსიურად ხვდებით ქალაქ ახალციხის მცხოვრებლებს. რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც ამომრჩეველთან შეხვედრისას იკვეთება. რა პრობლემების მოგვარება მიგაჩნიათ უპირველესად?
ვლადიმერ ზედგინიძე: ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს სხვადასხვა პრობლემები იკვეთება ხოლმე. ძირითადად არის სოციალური პრობლემები - სამუშაო ადგილები, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემა. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრია გაკეთებული ქალაქის კეთილმოწყობის კუთხით - დაიგო ასფალტი, გაკეთდა განათებები და ა.შ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფერს ხედავს ჩვენი მოსახლეობა, სჯერა ჩვენი და გვიდგას მხარში. მათი აქტიურობა კი მოგეხსენებათ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მთავარია მათ ინერტულობა არ გამოიჩინონ არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის მიერ გატარებული ღონისძიებების დანახვა სწორედ მაშინ გამოჩნდება, როდესაც ისინი მივლენ არჩვენებზე და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. ჩემი ერთ-ერთი მოწოდება აქვე მათ მიმართ იქნება ის, რომ მოვახდინოთ შეფასება და მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი. თავად ქალაქს, ახალციხეს ჯერჯერობით განვითარების რაიმე მნიშვნელოვანი პოტენციალი არ გააჩნია. ამ ეტაპზე, რესურსი რაც ახალციხეს გააჩნია, ეს არის ტურიზმის სფერო. ქალაქი გაცოცხლდა, ყოველდღე უამრავი ტურისტი ჩამოდის აქ, არამარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც ჩამოდიან. ყოველ დღე დაახლოებით, 5-6 ავტობუსით ებრაელები მოდიან და ათვალიერებენ ახალციხეს. თითოეულმა ტურისტმა აქ 5 დოლარიც რომ დახარჯოს, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის კარგი იქნება. აი, ამის პოტენციალი არსებობს და სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქალაქის უფრო მეტად კეთილმოწყობაზე, გალამაზებაზე და ა.შ. რაც შეეხება ზოგადად ინფრასტრუქტურას, დაწყებულია გზების მშენებლობები თუნდაც ბათუმის მიმართულებით, სადაც ახალი გზის პირობებში ფაქტობრივად 1,30 წუთში დავფარავთ 164 კმ-ს. გზა კეთდება ასევე ქუთაისის მიმართულებით, რაც მთლიანად ჩვენს მხარეს გააცოცხლებს, შეცვლის ჩვენს ცხოვრების რიტმს, ბევრი რამე ასევე დამოკიდებულია ჩვენს აქტიურობაზე.
G.: ვინ არიან თქვენი კონკურენტები ამ არჩევნებში და რა უპირატესობა გაგაჩნიათ მათთან შედარებით? რატომ უნდა მოგცეთ ამომრჩეველმა ხმა თქვენ და არა სხვა, ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს?
ვ.ზ.: მე პრეტენზია არ გამაჩნია არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით. ახალციხეში მერობის 5 კანდიდატია. დარწმუნებული ვარ, ხუთივეს შესაბამის შეფასებას მისცემს ახალციხის მოსახლეობა იმის მიხედვით, ვის რა გაუკეთებია, რით უცხოვრია, რით არსებობს და მუშაობის რა პრინციპები გააჩნია. მე ქალაქი საკმაოდ კარგად მიცნობს, ბოლო 36 წელია აქ ვცხოვრობ. მას შემდეგ რაც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ და მმართველმა პარტიამ მთელი რიგი ღინისძიებები გაატარა, მე მომეცა სტიმული ჩავბმულიყავი ამ ფერხულში. რაც შეეხება უპირატესობას - ეს შეიძლება იყოს გამოცდილება ჩემი საქმიდან გამომდინარე. თუმცა, ის რომ, მაინც და მაინც მე მომცენ ხმა, ამას მე ჩემს მოქალაქეებს ვერ დავუწესებ, ეს თავად უნდა შეაფასონ კანდიდატები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
G.: ვისი ინიციატივა იყო თქვენი წარდგენა მერობის კანდიდატად?
პრემიერის რეკომენდაციით გავიარე რეგისტრაცია ახალციხის მერობის კანდიდატად. „ქართული ოცნების“ სურვილი რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ იქნებოდა.
G.: რა არის თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და რამდენად შეძლებთ 1 წელიწადში, მომავალ წელს გასამართ ადგილობრივ არჩევნებამდე მათ მოგვარებას?
ვ.ზ.: პრობლემა ამოწურვადი არასდროს არ არის. მე რომ ახლა ხალხს დავპირდე, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველა პრობლემას აღმოვფხვრი, ეს წარმოუდგენელია. მე გარკვეულწილად წარმოვადგენ აღმასრულებელ ორგანოს, მე უნდა ვუზრუნველვყო ის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც პრიორიტეტს ანიჭებს მმართველი პარტია და შესაბამისად მისი განხორციელება უნდა მოვახდინო. გარკვეული იდეები შეიძლება მეც მაწუხებდეს და რა თქმა უნდა, მაქვს ამაზე პრეტენზია, მაგრამ ამის შესრულება სრულად ალბათ, შეუძლებელი იქნება. თუ მე მოვახდენ სწორი ხედვის ჩამოყალიბებას, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება - ეს უკვე გარკვეულწილად ჩემი გამარჯვება იქნება.
G.: თქვენი აზრით, რამდენად არის თვითმმართველობა დღეს დამოუკიდებელი და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით?
ვ.ზ.: მე ჩემი უფლებამოსილება უნდა განვახორციელო ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ არსებული კანონის მიხედვით. ამ ფარგლებს ვერ გავცილდები. შესაბამისად, ვერ ავიღებ ჩემს თავზე ისეთ ტვირთს, რაც ამ ნორმებს სცილდება. მე თავად იურისტი ვარ და შესაბამისად, ვარ კანონმორჩილი. მე ჩემს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ჩემი მოქმედება კანონის ფარგლებში იქნება ყოველთვის. არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება კანონის დარღვევა და მე ამას ხელს არ დავაფარებ მხოლოდ იმიტომ, რომ სამომავლოდ კანონდამრღვევი ჩემი ამომრჩეველი იყოს. 36 წელი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვმუშაობდი, მათ შოორის, რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზეც მიმუშავია. ვიცი ამ ხალხის გულისტკივილიც, ვისთან როგორ უნდა ვისაუბრო, რას უნდა დავპირდე და რა უნდა შევუსრულო.
G.: ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საკადრო პოლიტიკა არც ისე ეფექტურია და გამგებლების დიდ ნაწილს "მართვის ჩვევები" არ აქვს. მსგავსი შეფასება ივანიშვილმა უფრო ადრეც გააკეთა. როგორ ფიქრობთ, რა "მართვის ჩვევები' ესაჭიროება ხელმძღვანელ პირს?
ვ.ზ.: ეს ბატონმა ბიძინამ რომ ბრძანა ერთია, მაგრამ ჩვენს მოქმედებას, გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის - ყველას მოქმედებას აქვს თავისი ნორმა. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი ამ კუთხით არის ის, რომ მეტი დამოუკიდებლობა მიეცეს ადგილობრივ ორგანოებს. კარგი იქნება თუ ჩვენი კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის საქმეში არ ვიქნებით დამოკიდებულნი ზედა ეშელონებზე. თავისუფლების ეს მარცვალი უნდა ვეძებოთ, რომ გარკვეული უფლებები და ფუნქციები მიენიჭოს ადგილზევე ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ ხელმძღვანელებს. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ საქმიანობის ეფექტსაც გაზრდის და მოსახლეობაში ნდობის ფაქტორსაც აამაღლებს. რაკი მირჩევს და მენდობა ადამიანი, მე ეს ნდობა უნდა გავამართლო. როდესაც მექნება გარკვეულწილად დამოუიკიდებლად ბევრი საქმის გადაწყვეტილების საშუალება, ამას უფრო მარტივად შევძლებ. შედეგად, სახეზე ეფექტური მმართველობის მაგალითები გვექნება.
G.: თავად თუ იცნობთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს? როგორ შეაფასებდით მის გააქტიურებას წინასაარჩევნოდ?
ვ.ზ.: მე პირდაპირ გეტყვით, ბატონ ბიძინას ვიცნობ შორიდან, ანუ იმით, რასაც პრესისა თუ სხვა საშუალებით ვეცნობი. მას 2012 წლამდე ზოგი მოიხსენიებდა ივანაშვილად, ზოგი ივანიშვილად, ფოტოც კი უცნობი იყო ჩვენთვის. მე მასთან შეხვედრა არასდროს არ მქონია. ვიცი, რომ არის უდიდესი მეცენატი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის პიროვნება, რომელიც ღირსია იყოს ასეთი დიდებული საქმეების მკეთებელი, როგორსაც ის რეალურად აკეთებს წლების განმავლობაში. ჩემი გადასახედიდან ახლა, მე ჯერ პატარა კაცი ვარ, ჯერ არაფერი დამიწყია, მაგრამ თუ საშუალება მომეცემა, გავაკეთებ და ამით რაღაც წვლილს შევიტან აუცილებლად იმ საქმეში და იმ იდეაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს დასახული. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ხატი არ არის, თუმცა, საქართველოსთვის რომ ხატია, ეს ფაქტია.
G.: ბატონო ვლადიმერ, 8 ოქტომბერს ამავე დროს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. როგორ ფიქრობთ, "ქართული ოცნების" გარდა რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსები?
ვ.ზ.: გინდათ პირდაპირ გითხრათ პასუხი ამ კითხვაზე? ყველა პოლიტიკურ პარტიას პატივს ვცემ, თუმცა, პარლამენტში მოსვლის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით გავა და 9 რიცხვში ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით.
G.: თქვენი აზრით, "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას, თუ ისევ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუიცილებლობა იქნება?
ვნახოთ შედეგი. ხომ შეიძლება უმრავლესობაში სხვა პარტიის წევრიც შემოგვიერთდეს, ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთიანობისა და ძლიერებისთვის იზრუნებს და ამ საქმეში „ქართულ ოცნებას“ დაუდგება გვერდით. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების და შედეგი ვნახოთ 9 რიცხვში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.