"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი თანაპარტიელის, დავით უსუფაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2011 წლის 11 მარტს მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
ბერძენიშვილის შეფასებით, ამ წერილიდან კარგად ჩანს თუ რა ურთიერთობა იყო ერთის მხრივ, "რესპუბლიკელებსა" და დავით უსუფაშვილს, მეორეს მხრივ კი, ბიძინა ივანიშვილს, გიორგი კვირიკაშვილსა და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის.
„ქვეყანას ამდენი მატყუარა არ ჰყავს, ქვეყანას ჰყავს ახლა ერთი მატყუარა. არ ვიცი რატომ აიკვიატა ეს ამბავი, რატომ ტყუის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამ დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს სინამდვილეში, როგორი იყო ურთიერთობები. იყო პარტნიორული ურთიერთობები, იყო მცდელობა მათი მხრიდან, "რესპუბლიკელების" და "ქართული ოცნების" ორპარტიული კოალიციის შექმნისა და სხვებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ღერძი პარტიები ეს იქნებოდა, ამის შესახებ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ რას ამბობ "რესპუბლიკელებს" როგორ დავავალებდი რამესო - არის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ დიახ ავალებდა, თხოვდა, აინტერესებდა ჩვენთან ერთად საქმეების კეთება და გაგვიკეთებია ადრე. ახლა რატომ ტყუის არ ვიცი, უბრალოდ დოკუმენტებთან ბრძოლა ძნელია,“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ღია შეტევა პარტიაზე გამოწვეულია იმით, რომ პროდასავლურობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, მაჟორიტარების სია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა აჩენს კითხვის ნიშნებს, საერთაშორისო საზოგადოებაში.
„დასავლეთის ფრონტი არის ღია, მოღიავებულია, "ქართული ოცნება" არ ტოვებს პროდასავლური პარტიის შთაბეჭდილებას. ცხონებული შევარდნაძე რომ ცოცხალი იყოს, ახლა ხომ ამ სიაში იქნებოდა. სადაც ნარჩემაშვილი, შევარდნაძიდან კუბური ფესვი მოხვდა სიაში, რამენაირად თვითონაც მოხვდებოდა. ამის გამო შეიქმნა შთაბეჭდილება დასავლეთის მხრიდან, რომ ეს არ არის მთლად პროდასავლური ძალა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ახლა დასავლური ძალები მოსპოს, რათა თავისი ერთადერთობა და განუმეორებლობა დაუმტკიცოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
დავით უსუფაშვილმა 2016 წლის 11 მარტს ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილ წერილი გამოაქვეყნა. მასში უსუფაშვილი წერილის ადრესატებისაგან და განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვს სასწრაფოდ გადაწყვიტონ კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და ამბობს, რომ "ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც".
უსუფაშვილი "გადამყვეტ სიტყვას" ივანიშვილისაგან ელოდება, რადგან მისი თქმით "ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1 სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“, ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც. მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც".
უსუფაშვილი თავის წერილში კოალიციაში არსებულ დაძაბულ ვითარებას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ "ყოველი დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც „ოცნება“ და არც „რესპები“ არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხ-წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ეხლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.