საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მაგველაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესს შეეხო.
როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.
„ეუთოსთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც მოახლოებულია არჩევნები.
ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წინასაარჩევნო გარემოს და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის ერთერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იყო.
შეხვედრაზე განიხილეს სხვა საკითხებიც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონთან, ეუთოს როლთან, ამ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადად, იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოში მიმდინარე პროცესებში ეუთოს უფრო მეტ ჩართულობას უკავშირდება“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე იგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ განაცხადა, შეხვედრისას საარჩევნო საკითხების გარდა, განიხილეს საქართველო - რუსეთის ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ არჩევნების სრული პროცესი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის, ჩვენ არ ვაფასებთ რაიმე სახის შეხედულებას, რადგან უნდა დაველოდოთ ჩვენს მონაცემებს, მაგრამ არსებობს დაინტერესებული მხარეების ძალიან საინტერესო ხედვა. ასევე, არსებობს ძალიან საინტერესო ხედვა იმ ამომრჩევლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან. აღინიშნა, იმ პიროვნებების როლი, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში.
ასევე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა რეგიონთან დაკავშირებით, საქართველოს იმ პოზიციის თაობაზე, რომელიც აქვს კავკასიის მიმართ.
განვიხილეთ რუსეთთან ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც ასევე გადამწყვეტია რეგიონის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.