საარჩევნო ბლოკიდან ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” "გირჩის" გასვლის თუ "გაშვების" შემდეგ, შესაძლოა ბლოკს კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" გამოაკლდეს. როგორც პაატა ბურჭულაძემ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა, მას პრობლემა არ აქვს გიორგი ვაშაძესთან, თუმცა იგი ჯერ კიდევ ფიქრობს, დარჩეს თუ არა მის ბლოკში. ბურჭულაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ბლოკი ვაშაძემაც დატოვოს, თუმცა მას ვაშაძის მის გუნდში დარჩენა სურს.
„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა. ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.
საარჩევნო ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, ”გირჩი” დატოვა – როგორც ეს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„გვინდა, სანამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მანიპულაციების თემა გახდება, ჩვენ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს განგიმარტოთ. „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საარჩევნო ბლოკი „პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, „გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ დავრჩებით პარტიად, რომელმაც არსებობის ერთი წლის განმავლობაში შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა. შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე“, – ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.
თუმცა, ბლოკის დატოვების შესახებ, "გირჩისგან" განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს პაატა ბურჭულაძე.
“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა, რომ “გირჩი” სიიდან თავად ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ, ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ და დაამატა, რომ იგი არჩევნებში მონაწილეობას ყველა ვარიანტში მიიღებს და იქნება დამოუკიდებელი პარტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.