პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში, ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Golden Tulip Borjomi (ყოფილი „ფირუზა“) გახსნა.
სასტუმროს ოპერირებას გაუწევს საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია Golden Tulip, რომელიც Louvre Hotels Group-ის ქსელში შედის.
პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა აღდგენილი სასტუმრო, რომელიც 1892 წელს ირანის კონსულისთვისაა აშენებული და უნიკალური კულტურული ძეგლია არა მხოლოდ საქართველოში.

მან მადლობა გადაუხადა ინვესტორ კომპანიას „უორლდფაუნდ იუნივერსალს“ გაწეული საქმიანობისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ შენობის განახლება-რეკონსტრუქცია მოხდა ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რომლის საშუალებითაც შენობას შეუნარჩუნდა ისტორიული იერსახე და კულტურული ღირებულება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შენობის აღდგენისა და მასში მაღალი კლასის სასტუმროს მოწყობისთვის 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, რადგან სწორედ კერძო სექტორი ქმნის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით ახალ სამუშაო ადგილებს იმ ეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა.
მისი თქმით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის ორმოცდაერთი პროცენტია. დღეის მდგომარეობით, ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში 158 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს.
„ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
Golden Tulip Borjomi-ის სასტუმრო არის 16 ნომრიანი (2 ლუქსი და 14 სტანდარტული ნომერი). სასტუმროს მომსახურეობებში შევა რესტორანი, ფიტნესდარბაზი, აუზი, საუნა, საპროცედურო ოთახი, სადაც ჩატარდება მასაჟის გარდა სამკურნალო პროცედურები ბორჯომის მინერალური წყლების გამოყენებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.