ზაქარია ენდელაძე: ასეთი აქტივობა ადიგენის მუნიციპალიტეტში კომუნისტების დროსაც არ ყოფილა – ამას მეუბნებიან ასაკოვანი ადამიანებიც, ვინც კარგად არის მოსწრებული იმ პერიოდს
30-09-2016, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, რომლის ოფისიც კომუნისტურ წლებში აშენებულ და გარემონტებულ რაიკომის ყოფილ შენობაშია განთავსებული და რომლის კაბინეტშიც დღემდე ხრუშჩოვის მმართველობის დროს ჩამოკიდებული „ისტორიული ჭაღი“ ანათებს, აცხადებს, რომ „ასეთი აქტივობა ადიგენის მუნიციპალიტეტში კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა“ და იგი ამის დასტურად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მხცოვან ადამიანებს იმოწმებს, ვისაც კომუნისტურ ეპოქაშიც ხანგრძლივად მოუწია ცხოვრება.

 


ადიგენის გამგებელი საბჭოთა სტილში გადაწყვეტილი შენობის და სამუშაო კაბინეტის რემონტის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის „კაპიტალურ გარემონტებას“ შეუდგა და ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა დაიწყო.

 


როგორც იგი Guardian.ge–ს გამოუტყდა, გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისთანავე „საშინელ დღეში“ ჩავარდა, რადგანაც მას „გასაცოდავებული 355 000-ლარიანი ბიუჯეტი“ დახვდა, და "იმ ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც რეალური შანსი იყო რაღაც გაკეთებულიყო“, ადიგენის მუნიციპალიტეტში „არამც და არამც არ აკეთებდნენ“ რაიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რისი დასტურიცაა თუნდაც ის, რომ დაბა ადიგენში ასფალტიც კი არ იყო დაგებული.

 


რისი გაკეთება მოახერხა 2 წელიწადსა და სამ თვეში მან ადიგენის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, რატომ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, გეგმავს თუ არა მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას ისევ გამგებლის პოსტზე? – ამ და სხვა თემებზე Guardian.ge–ს შეკითხვებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე პასუხობს.

 


Guardian.ge: ბატონო ზაქარია, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები, მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების, ზოგან კი დაყოფის პირობებში ტარდება. აღნიშნული ცვლილებებით, მოგეხსენებათ, მოხდა ახალციხის და ადიგენის საარჩევნო ოლქების ერთ მაჟორიტარულ ოლქად ჩამოყალიბება. ხომ არ შეგიქმნით ეს რაიმე დისკომფორტს იქედან გამომდინარე, რომ ადიგენს არ ეყოლება თავისი წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში?

 


ზაქარია ენდელაძე: ნამდვილად არა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი განწყობები. ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ახალციხეს ეყოლება წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ადიგენს არა, ის ხომ ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც არის. მაშინ პრეზიდენტიც ერთია და ბუნებრივია, არ არის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან, ხომ? გამოდის, რომ დანარჩენ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი? სხვათა შორის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ და მოგახსენებთ ახლავე. ჩვენ, ეს ორი მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, ერთი ორგანიზმი ვართ. ეს გეოგრაფიული თვალსაზრისითაც ასეა და სოციალური თვალსაზრისითაც. ჩვენ საერთო გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, საგანმანათლებლო სფერო, ნათესაური კავშირები, მეგობრული ურთიერთობები. მოკლედ, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, შესაბამისად, დისკომფორტს არ გვიქმნის ჩვენ ის, რომ გვყავს ერთი საერთო კანდიდატი.

 

 

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ამომრჩეველებთან შეხვედრისას

 

 

გიორგი კოპაძე მისაღები და უალტერნატივო კანდიდატია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის – მისი პიროვნული თვისებებისა და პოლიტიკური გამოცდილების გამო. ის 1987 წლიდან არის ჩართული პოლიტიკაში და ადრიდანვე გამოირჩეოდა აქტიურობით, „სახალხო მოძრაობიდან“ მოდის, „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან“ მოდის, აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, არის კარგი დიპლომატი და გაწონასწორებული პიროვნება. ყველა ამ თვისების გამო, ვთვლით, რომ გიორგი კოპაძე არის მისაღები, უალტერნატივო და მიზანშეწონილი კანდიდატი.

 

 

ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე (მარცხნიდან მარჯვნივ) ამომრჩეველთან

 

 

 

G.: ზოგადად, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია თქვენს რეგიონში?

 

 

ზ.ე.: წინასაარჩევნო კამპანიას დადებითად შევაფასებ, პოლიტიკური კუთხითაც და სამართლებრივი კუთხითაც. არა იმიტომ, რომ მე უშუალოდ ხელმძღვანელი ვარ. მოლოდინს გადააჭარბა მოსახლეობასთან შეხვედრებმა. ამის საფუძველს მაძლევს ჩვენი ნაკეთები საქმე, მას შემდეგ რაც ხელისუფლება გადავიბარეთ. დღეს მოსახლეობას ძალიან თბილი და დადებითი განწყობა აქვს ჩვენს მიმართ. ორწელიწადნახევრის წინ, როდესაც ჩვენ კენჭს ვიყრიდით, მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინი, გვიცხადებდნენ მხარდაჭერას ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ უნდა დასრულდეს ჩვენ ქვეყანაში შეპირებები და რეალურად საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში მართლა რეალურად ვაჩვენეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ საქმის კეთება შეგვიძლია. ახლანდელმა შეხვედრებმა მოლოდინს გადააჭარბა და ამაში იგულისხმება ის, რომ ადამიანებს თუ წინა არჩევნებზე ჰქონდათ მოლოდინი, ახლა აქვთ კმაყოფილების გრძნობა. გვეუბნებიან: ვიცით, რომ მართლა აკეთებთ, ვიცით, რომ კარგები ხართ, მაგრამ უფრო უკეთესი გვინდა. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა უკეთესი და აბსოლუტურად ადექვატურია მოსახლეობის დამოკიდებულება ჩვენდამი და აბსოლუტურად ადექვატურია ჩვენი მიდგომა მოსახლეობის მიმართ. ასე რომ, ტანდემში, ჩვენ და მოსახლეობა, ძალიან კარგად ვატარებთ საარჩევნო კამპანიას.

 

 

 


G.: თქვენი საქმიანობის პერიოდში რომელ პერიოდს გამოყოფდით, რომელიც შეიძლება ყველაზე რთული იყო? მაგალითად, გვახსოვს, სოფელ მოხეში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, რომელმაც მწვავე ხასიათი შეიძინა. საუბარი ეხება 2014 წლის შემოდგომით, მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ მოხეს ცენტრში მდებარე შენობის დემონტაჟი დაიწყო. მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მოხეში მცხოვრებლების გარკვეული ნაწილის მოთხოვნით, აღნიშნულ ადგილზე კულტურის სახლი უნდა აშენებულიყო. მუსლიმმა მოსახლეობამ მშენებლებს სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვა. სადღეისოდ დაპირისპირება აღნიშნულ სოფელში სავარაუდოდ, არ უნდა არსებობდეს. როგორ მოაგვარეთ ეს საკითხი და არის თუ არა ადიგენის მუნიციპალიტეტში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მსგავსი დაპირისპირებების წარმოშობის საფრთხეები?

 

 

ზ.ე.: სადღეისოდ, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, საკითხები ამოწურულია. ადამიანები მშვიდ გარემოში ცხოვრობენ. თუმცა, გეტყვით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეჩეთის დემონტაჟი კი არ ხდებოდა, პირიქით, მისი მონტაჟი ხდებოდა, რეაბილიტაცია ხდებოდა - უნდა დახურულიყო. მაპატიეთ უხეში გამოთქმისთვის და სახურავი შენობის იყო ჩალეწილი და ჩანგრეული, ჩამპალი იყო. მოსახლეობამ ისურვა თავის დროზე, რომ გადახურულიყო, რომ თვითონ შენობას საფრთხე არ შექმნოდა და საერთოდ არ გამოსულიყო მწყობრიდან. იქ მცხოვრები მოხუცი ადამიანები ამბობდნენ - თუნდაც წიგნები შევიტანოთო, ყველა წაიკითხავსო - „ჩვენებიცო და თქვენებიცო“ - ერთმა მოხუცმა ასე თქვა. რა იგულისხმა ამ „ჩვენებში და თქვენებში“ ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩვენც, ბუნებრივია, მოწოდებული ვიყავით მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარებისკენ, მათ შორის, ამ შენობაზეც. მართლა ცუდი მომენტია, რომ სოფლის ცენტრში დგას ამხელა შენობა, რომელიც გაპარტახებულია, აუვლი-ჩაუვლი - არ არის ახლა ეს ნორმალური მდგომარეობა. ზოგის მხრიდან ცოტა უკმაყოფილება მოჰყვა ამას და ბუნებრივია, ჩვენ ეს შევაჩერეთ, მოსახლეობა დავაწყნარეთ და დღეს აბსოლუტურად სტაბილური გარემოა. ამ კუთხით, ნამდვილად არ იგრძნობა რამე. ჩვენ ვითვალისწინებთ ორივე მხარის დამოკიდებულებას რაც შეიძლება თავმდაბალი, დიპლომატიური, ტკბილი, თბილი სიტყვით ვახერხებთ ურთიერთშეთანხმებას. სწორედ ამის შედეგი გახლავთ ის, რომ დღეს არანაირი კონფლიქტური მდგომარეობა არ იგრძნობა. ასე რომ, უფლის წყალობით ვახერხებთ მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.

 


G.: უშვებთ თუ არა, რომ ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის ამგვარი დაპირისპირებები შეიძლება გარკვეული ძალების მიერ ყოფილიყო ინსპირირებული?

 


ზ.ე.: გამორიცხული არაფერი არ არის. ამის თეორიული შანსი ნამდვილად არსებობს. თუმცა, ჩვენი მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ ვიყოთ ორიენტირებული და ადექვატური ნებისმიერ გამოწვევაზე, რათა გვქონდეს სტაბილური სიტუაცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამით ვინმე იყო დაინტერესებული. არსებობენ ჩვენს ქვეყანაში არაკეთილისმოსურნე პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ვიწრო ინტერესები გააჩნიათ და ისინი მათთვის სასურველი შედეგის დადების მიზნით, ყველაფერს იკადრებენ. თუმცა, ჩვენ ამ პროცესებს ვარეგულირებთ და საკმაოდ თამამად და ნაყოფიერად ვართმევთ თავს.

 

 

G.: მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. თქვენ გამგებლის პოსტს უკვე 2 წელზეა მეტია რაც იკავებთ. რისი გაკეთება მოახერხეთ ამ პერიოდში და დღევანდელი გადმოსახედიდან, ფიქრობთ თუ არა რომ, უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი?

 


ზ.ე.: ადიგენის მუნიციპალიტეტში, არა მარტო სააკაშვილის პერიოდში, არც შევარდნაძის, არც გამსახურდიას დროს, ფაქტობრივად, არაფერი არ გაკეთებულა. განსაკუთრებით კი ამ ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც რეალური შანსი იყო რაღაცა გაკეთებულიყო - ავად თუ კარგად აკეთებდნენ რაღაცას, მაგრამ არამც და არამც არ აკეთებდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტში. თქვენ წარმოგიდგენიათ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, თვითონ დაბა ადიგენში ასფალტის საფარიანი გზა არ არსებობდა; არ არსებობდა სანიაღვრე სისტემები; არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ნორმალური სისტემა, ფეკალიები ამოედინებოდა. შეუღებავი, გადაუხურავი და გაუმაგრებელი იყო კორპუსები, ჩაედინებოდა წყალი საძირკველში. მაპატიეთ და იქ თაგვები, ბაყაყები და ქვეწარმავლები ბუდობდნენ. ყველაფერი ასეთი, ბოდიში და, ჩამპალი და ჩაოხრებული იყო.

 


მოსვლის დღიდანვე საშინელ დღეში აღმოვჩნდი, როდესაც ვნახე გასაცოდავებული 355 000-ლარიანი ბიუჯეტი – ადგილობრივი შემოსავლები – და ამდენი საკეთებელი საქმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი კუთხით გავატარეთ სხვადასხვა ღონისძიებები, დავიწყეთ რაციონალური მიდგომა ბიუჯეტის ხარჯვასთან მიმართებაში. რაციონალურში ვგულისხმობ იმას, რომ აუცილებელი და ნომერ პირველი სამუშაოები განვახორციელეთ. იცით, რომ რეგიონული განვითარების ფონდი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდიც ძალიან აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ამ ფონდებთან ინტენსიური მუშაობით, რეგიონის საკონსულტაციო საბჭოს სწორი ხედვებით, სწორად დაგეგმილი სტრატეგიებით შევუდექით საქმიანობას. ეს პრობლემები, რომლებიც არსებობდა დაბა ადიგენში და არა მარტო დაბა ადიგენში, მთლიანად მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად, აღმოვფხვერით.

 

 

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ნაქურდევსა და ხევაშენში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

გავზარდეთ შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში. გეტყვით, რომ არ არსებობდა დადგენილებები, რომლითაც გაკონტროლდებოდა სამშენებლო მიმართულება. ჩვენი მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც უამრავი საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის ტრასები გაედინება. გნებავთ ელექტროენერგიის გადაყვანა, ინტერნეტის, გაზიფიცირება და ა.შ. ჩვენ გავხადეთ ჩვენი ტერიტორია ღირებული, გრძივი მეტრი 80 თეთრი, რამაც საკმაოდ გაგვიზარდა ადგილობრივი შემოსავლები. პლუს ამას, რეგიონული ფონდი, მე დამხვდა 1 მილიონ 350 000-ლარიანი ხარჯვითი ნაწილი, რაც გავზარდეთ 2 მლნ 200 000 ლარამდე. ამ თანხებმა გამოგვისწორა ჩვენ ესა თუ ის მტკივნეული მიმართულება. დავაგეთ გზები, გადავხურეთ და შევღებეთ კორპუსები, გავამაგრეთ საძირკვლები, კარგი სანიაღვრეები გავაკეთეთ, მთლიანად შევცვალეთ საკანალიზაციო სისტემა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში დაიგო ასფალტი. გავაკეთეთ კარგი ტროტუარები და ა.შ. აბსოლუტურად სხვა სურათია, ვიდრე იყო ორწელიწადნახევრის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით. ავაშენეთ სამი ახალი საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. იცით, თქვენ ეს რამხელა თამამი განაცხადია. 217 აღსაზრდელი იყო ჩემი მოსვლის დროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, დღეის მდგომარეობით, 550 ბავშვამდე გვყავს ბაგა–ბაღებში. ფაქტობრივად, გაორმაგებულია და მეტიცაა ბავშვების რაოდენობა. გავაკეთეთ 25-მდე ხიდი და მილხიდი.

 

 

 

 

 

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ასეთი აქტივობა მუნიციპალიტეტში კომუნისტების დროსაც არ ყოფილა. ამას მეუბნებიან მე ჩემი კეთილისმსურველები, ამას მეუბნება მოსახლეობა, ასაკოვანი ადამიანები, ვინც კარგად არის მოსწრებული იმ პერიოდსაც. მოკლედ, კმაყოფილია საზოგადოებაც და ჩვენც, ბუნებრივია, გვეძლევა მეტი სტიმული, ვიყოთ ორიენტირებული და მოწოდებული სამომავლოდ საქმის კეთების მიმართულებით. ჩვენ, ჩვენს ენერგიასა და ძალას ნამდვილად არ ვიშურებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ. ზუსტად ეს არის ჩვენი ხელისუფლების თხოვნაც, მოთხოვნაც - ოღონდ რამე გააკეთე, ოღონდ რამე მოიფიქრე. არის მაქსიმალური ხელშეწყობა და საოცარი მოსმენა, რასაც ხაზი მინდა გავუსვა. ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ადრე ქმინდა დისკომფორტს ურთიერთობაში, დღეს ნამდვილად არ არსებობს. 100%-იანი მოსმენა და სწორი და კარგი დამოკიდებულება გვიქმნის ჩვენ შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი კეთილშობილური საქმე.

 


G.: როგორია თქვენი მუშაობის სპეციფიკა? რა ისწავლეთ გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით?

 


ზ.ე.: მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. იცით თქვენ, რომ ჩვენ, ქართველები, ბუნებით პატრიოტი ხალხი ვართ და ძალიან აწეული გვაქვს ტონუსი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მეც, როგორც ამ რაიონის შვილს, ამ ქვეყნის შვილს, მქონდა განცდა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი საქმე მეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი მოსახლეობისთვის. თუმცა, ამ ადგილზე მოსვლის შემდეგ, მეც წავაწყდი სირთულეებს. რაღაც ბარიერებს ქმნიდა განვითარების მიმართულებით. ზუსტად ეს ვისწავლე - ურთიერთობა ზემდგომ ორგანოებთან, თანამდებობის პირებთან. ამ თანამდებობამ მომცა შესაძლებლობა, რომ სამართლებრივად, მორალურად სწორად მივდგომოდი გამოწვევებს და ბოლოს კარგი შედეგი მიმეღო საქმის კეთების კუთხით. დრომ და ვითარებამ მიჩვენა გზა, რომლის საშუალებითაც რაც შეიძლება მეტი სიკეთე და ნაყოფი უნდა მიგვეღო მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

 

 

G.: ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ხშირად გამხდარან ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტები. მან რეგიონულ მედიასთან შეხვედრებისას არაერთხელ თქვა, რომ გამგებლების დიდ ნაწილს ხელმძღვანელობისთვის საჭირო "მართვის ჩვევები" აკლიათ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ასეა? იზიარებთ თუ არა ივანიშვილის კრიტიკას?

 

 

ზ.ე.: მე ვერაფერს ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, თუმცა ერთ რამეს ნამდვილად გეტყვით. რადგან ბატონი ბიძინა ასე ბრძანებს, მას საფუძველიც ექნებოდა ამის. რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტს, შეიძლება ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგად ვართმევთ საქმეს თავს. შეიძლება კრიტიკა არის ნამდვილად ობიექტური. მე სიმართლე გითხრათ, მეტად ვერ შევაფასებ ამას. შემიძლია მხოლოდ ჩემი მუნიციპალიტეტის ირგვლივ ვისაუბრო.

 


G.: თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა გატარდეს რეფორმები თვითმმართველობის კოდექსში? თქვენი პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე რა შენიშვნები გაგაჩნიათ აღნიშნული კოდექსის მიმართ?

 


ზ.ე.: რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ ჩვენი შეხედულებები, რომელსაც ვაყენებთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ამ შემთხვევაში, თვითმმართველობის კოდექსი თავის დროზე ასე მიიღეს, ის ცვლილებებიც ასე მიიღეს. დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით არის რაღაც ღონისძიებები გასატარებელი. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასარეგულირებელია და საჭიროებს გადახედვას. იგივე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მათი პრობლემების დროული გადაწყვეტის კუთხით. საჭიროა, დახვეწა, დამუშავება და საბოლოოდ შეჯამება.

 


G.: მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებში თუ ფიქრობთ კენჭისყრას ისევ გამგებლის პოსტზე?

 


ზ.ე.: მე ამ საკითხზე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს. მანამდე ერთი წელია დარჩენილი. ერთი წელი ძალიან დიდი დროა. ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები შეგვატყობინებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმას, თუ რას გადავწყვეტ.

 


G.: “ქართული ოცნების“ შანსებს როგორ შეაფასებთ საპარლამენტო არჩევნებში? რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ და ვთქვათ, არა სხვა რომელიმე პარტიას?

 


ზ.ე.: “ქართულ ოცნებას“ დიდი შანსები აქვს არჩევნებში და ამას თავისი მიზეზები გააჩნია. ის, რომ უამრავი სოციალური პროგრამა განხორციელდა, არის აბსოლუტურად თავისუფალი, სტაბილური პოლიტიკური გარემო, არის უამრავი ნაკეთები საქმე, რომელიც ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ჩვენი მოსახლეობისთვის, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური გამარჯვების შანსი აქვს. ჩვენ პირნათლად და ღირსეულად წარვსდგებით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ამდენი სოციალური პროგრამა, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფასო საბავშვო ბაღები, უფასო სკოლები, უფასო ხვნა-თესვა, ქონების უფასო რეგისტრაცია, მთის კანონი, რომელიც 85%-ს შეეხო ჩვენი მუნიციპალიტეტისას – აღნიშნულ მთის კანონს აქვს უამრავი სიკეთე: გაზრდილი ხელფასები სამედიცინო მუშაკებს, გაზრდილი ხელფასები პედაგოგებს, გაზრდილი პენსია, ახალდაბადებულ ბავშვებზე 100-100 ლარი, მესამე და მომდევნო ბავშვებზე 200-200 ლარი 2 წლის განმავლობაში; გათავისუფლებული სამეწარმეო საქმიანობა, კომუნლური გადასახადები ნახევრად გადახდილი სახელმწიფოსგან. ეს არის უპრეცედენტო შეღავათები მოსახლეობისთვის. ზუსტად, ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი შემოსავლები უნდა დახარჯვოდათ ამ ჩამონათვალში, ეს გამოუთავისუფლა სახელმწიფომ, აიღო თავის თავზე, რათა ადამიანებს დამოუკიდებლად მიეცეთ საშუალება განავითარონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ა.შ. ზუსტად სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა ქვეყანაში საკუთარ საზოგადოებას შეუქმნას თანასწორი, თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეძლო.

 

 

ზაქარია ენდელაძე და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ამომრჩევლებთან შეხვედრაზე 

 

 

 

ფაქტობრივად, ადამიანებს დღეს მიეცათ საშუალება, დაგეგმონ და განახორციელონ სწორი, სამართლიანი, აზრიანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავიანთი შემოქმედებითი მიმართულება. ყველანაირი ხელშეწყობა არსებობს. პოლიტიკური და სამართლებრივი სფერო ზუსტად ამაზეა მორგებული. სტაბილური პოლიტიკური გარემო კი აღიარეს წამყვანმა სახელმწიფოებმა და მსოფლიოს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. იცით, ამერიკის ელჩის განცხადება საარჩევნო გარემოს თავისუფლების შესახებ, რომ ის ისურვებდა თავის ქვეყანაშიც ყოფილიყო ასეთი თავისუფალი გარემო. მოკლედ, მე მეამაყება და თამამი ვარ ამ შემთხვევაში იმით, რაც გავაკეთეთ ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, თუ რა პოლიტიკური წარსულიც გვქონდა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ასე რომ, ვფიქრობ პირნათელნი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ამას გრძნობს ჩვენი მოსახლეობაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ არავის არაფერს ვატყუებთ - ვერც კი ამოვწურე თემები თუ რა გაკეთდა, სამომავლო გეგმები კიდევ სხვაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 700-ზე მეტი პროექტი გაკეთდა ცენტრალური ხელისუფლებიდან, ადგილობრივი შესაძლებლობებიდან და უცხოური გრანტებიდან. აბასთუმნის რეაბილიტაცია, გოდერძისა და ზეკარის უღელტეხილზე გადასასვლელი გზების რეაბილიტაცია.

 

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის პრობლემა იყო მისი კარჩაკეტილობა. გოდერძის უღელტეხილი დასავლეთიდან გვკეტავდა, თურქეთი სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან ზეკარის უღელტეხილი და იყო ჩიხი. გაიხსნა ეს ყველაფერი. შეთანხმებული გვაქვს პროექტი, გოდერძის უღელტეხილზე გადასასვლელი. გაზაფხულიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები, რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯება. ეს უფრო მეტად გახსნის ჩვენი მუნიციპალიტეტის კარჩაკეტილობას. ორმილიონნახევარი ტურისტი, რომელიც სამხრეთ საზღვრებიდან შემოედინება საქართველოში და მიდის ზღვაზე დასასვენებლად, ასობით კილომეტრს აღარ გაივლის შემოვლითი გზით და 1,30 წუთში იქნება ბათუმში. ორმილიონნახევარი ტურისტი გამოივლის ჩვენს მუნიციპალიტეტზე, მიირთმევს ჩვენს კვების ობიექტებში, დაისვენებს ჩვენს სასტუმროებში და დაიხარჯება აქ ტურისტული კუთხით თანხები და ბუნებრივია, მუნიციპალიტეტიც ამოისუნთქებს. ეს არის ჩვენსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მოსმენის, სწორი და რაციონალური მიდგომების, მამულიშვილური მიდგომების შედეგი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ძალიან დიდი უპირატესობით.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   გოჩა ათოშვილი
      
ზაქარია მე შენ გიცნობ, როგორც მეურნე, ღვსთისმოსავ, ქვეყანასა და კუთხეზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანად. გაოცებული ვარ დღევანდელი შენი საქციელით, რადგანაც შენ კარგად იცი რამდენად უღირსი ადამიანია წარდგენილი ამ ორი ულამაზესი რაიონის მაჟორიტარულ კანდიდატად. ეს უბრალოდ ხალხის დაცინვა და წინაპრების სულში ჩაფურტხებაა, მაშინ როდესაც ამ ორ რაიონში უამრავი კეთილშობილი და განათლებული ადამიანია გულწრფელად არ მჯერავს შენი ფაორიტი იყოს ადამიანი, რომელიც ფარისევლობის, უზნეობის, უსულობის გაუნათლებლობის განუმეორებელი მაგალითია.გამოდის ჩვენი წინაპრების შეგონება გვიყვარდეს სამშობლო, ვიყოთ პატიოსანი, გაუზარდოთ სამშობლოს განათლებული და პატიოსანი შვილები ფუჭია. კაცმი, რომელიც ფულს აქცევს კერპად და ყველაფერზეეა წამსვლელი მის მსახვეჭად მომავალი თაობის მაგალითად ვერ გამოდგება. გამოდის, რომ შეიძლება იყო უზნეო გაუნათლებელი და ამავე დროს წარმატებული, ეს ხომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მე არ ვფიქრობ ადამიანმა ყველა დავალება უნდა შეასრულოს, სკამის შენარჩუნების ფასად, თუ ეს ფასი საკუთარ ზნეობას, სამშობლოს სიყვარულს და მომავალი თაობის გარყვნას ემსახურება.
30 სექტემბერი 2016 22:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი