გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს: თქვენ იმყოფებით ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია
30-09-2016, 08:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორე, რადგან მისი თანადგომით მოხერხდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტის განხორციელება.

 

 

„საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, რაც მიუთითებს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი გავა, თუმცა მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის.

 

 

„პირველი ვიზიტი ვატიკანიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გაიმართა და მას შემდგომ ჩვენს შორის კულტურული და პოლიტიკური კავშირები ღრმავდება.  სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა, კათოლიკე მისიონერების მიერ. ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობათა შორის. ასევე მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერთა დახმარებით გამოიცა ქართული მეცნიერული გრამატიკა. საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულხან-საბა ორბელიანის მისიას ევროპაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე და კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველო კვლავაც აგრძელებს ისტორიულ მისიას და ავითარებს კავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

 

 

„საქართველო ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში ქრისტიანობა თვით მოციქულებმა იქადაგეს. ამიტომაც არის ქართული ეკლესია სამოციქულო და ჩვენ, ქართველები, ვამაყობთ, რომ მრავალი სიწმინდე, რომელიც დაცულია ქართულ საგანძურებში, განეკუთვნება ამ პერიოდს, როდესაც ქრისტიანული სამყარო ერთიანი და განუყოფელი იყო. საერთო იდეალების დასაცავად ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაიღო მსხვერპლი. თქვენ იმყოფებით თბილისში, 100 000 მოწამის ქალაქში და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში. საერთო ღირებულებებისათვის ბრძოლა ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში განახორციელეს, ხოლო დიდგორის ბრძოლაში, ჯვაროსანთა რაზმიც იდგა ქართველთა გვერდით. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

მან ასევე თქვა, რომ თბილისი კულტურათა დიალოგის, განსხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოა.

 

 

„საქართველო ევროპული ცივილიზაციის არამხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიცაა. ეს არის ოქროს საწმისის ქვეყანა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც კულტურათა დიალოგის, განსხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ ამ მდიდარ კულტურასა და ზოდაგსაკაცობრიო ფასეულობებზე დაყრდნობით 25 წლის წინ საქართველომ აღადგინა ეროვნული დამოუკიდებლობა და დაიწყო თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვავითარებთ კავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი ამოცანაა გავაღრმავოთ სივრცე საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, ხელი შევუწყოთ ადამიანებს შორის ურთიერთობების, კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის განვითარებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველო არა კონფრონტაციის, არამედ ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობის გზებს ეძებს.

 

 

„თქვენ იმყოფებით ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. ჩვენგან სულ რაღაც ორმოცამდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს. ჩვენგან სულ რაღაც ორმოცამდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას და ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის. დევნილი მოსახლეობის დაბრუნება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ თავისი საცხოვრებელი ადგილები. პოლიტიკოსებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია ღვთისა და ერის წინაშე: ჩვენ ვალდებულები ვართ, შევქმნათ პირობები ადამიანთა ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისათვის. ეს მისია ვერ განხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევით და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით. ჩვენ უნდა შევებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემულეებსა და საზოგადოებას კეთილდღეობას უსპობს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, მას სჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს დეოკუპაცია და მშვიდობა რეგიონში.

 

 

„ორ დღეში კაცობრიობა თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, გერმანიის გაერთიანებას აღნიშნავს. ეს გაერთიანება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობითა და ჩართულობით გახდა შესაძლებელი. კაცობრიობამ მოახერხა ძალადობის გარეშე გადაეჭრა ურთულესი პოლიტიკური პრობლემა და აღედგინა ისტორიული სამართლიანობა.  ეს მაგალითი შთამბეჭდავია ჩემი ქვეყნისთვისაც და მე მჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მგზა, რომელიც საქართველომ აირჩია, მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე! თქვენო უწმინდესობავ, თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა დაკეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

რომის პაპი საქართველოს დღეს ეწვია.

 

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა. შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობას შეეხო, რომელსაც მომავალ წელს 25 წელი უსრულდება. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მისიას ასრულებდა ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება წმინდა საყდრის გადაწყვეტილებას ვატიკანში წმინდა ნინოს მონუმენტის აღმართვის თაობაზე, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მტკიცე და ურყევი კავშირისა. 

 


შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს მადლობა გადაუხადა წმინდა საყდრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლების გამოც იქ მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ერთმანეთთან კომუნიკაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას. სისტემატიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლებები.  როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ოჯახებში. ისინი ყოველდღიურად ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან, მოკლებულნი არიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი