ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შანსი გაჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ მეორე ადგილს საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“ დაიკავებენ.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ბაზალეთზე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვერსად ვერ გაიმარჯვებენ, „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ პარტიული სიიდან მაქსიმუმ 10 კაცის გაყვანა შეეძლება.
„გეტყვით, რაც ჩამომიყალიბდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ჩემი აზრით, მეორე ადგილზე მკვეთრად იკვეთებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. საშუალო რაოდენობა მათი არის 10 დეპუტატი პარტიული სიიდან. მაჟორიტარს ვერსად ვერ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს გასაგებია და ძალიან მარტივია, მათ შორის ვერც ზუგდიდში ვერ მოიგებს ის ქალბატონი. ვერსად ვერ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარს, ეს არის 2X2, რომ არის 4. პარტიული სიიდან საშუალო შედეგი მათი იყო მინიმუმი 5 მაქსიმუმი 15 კაცი. რაღაც საოცრება რომ მოხდეს, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ მოვიდეს და მაგათი ყველა მოვიდეს, ასეთ შემთხვევაში საშუალოა 10 კაცი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათ აგონიაში მყოფ შეცდომებს თუ გავიხსენებთ, რაც მათ გააკეთეს, აშკარა სიცრუეს აღარ ერიდებიან და საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახერხებენ, ჩემი აზრით, გაჩნდა შანსი, რომ „ქართული ოცნების“ შემდგომ მეორე ადგილზე „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ. ეს ძალიან კარგი შანსია.
შიდა კვლევებსაც აკეთებს „ქართული ოცნება“. ეს იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ. ამას ორი კვირა და მეტი სჭირდება. ბოლო ორ კვირას თუ გავააანალიზებთ, რისი შედეგებიც ჯერ ვერცერთ მკვლევარს ვერ შეეძლო, რომ დაედო, ვერც იმ ამერიკელებს, რომლებმაც „იმედში“ გააკეთეს კვლევა, ვერც იმას, რომელიც „რუსთავი 2“-მა გააკეთა. ის ადრე ჩატარებულია, ორ კვირაზე ადრე. ხალხში გარდატეხის რაღაც შანსი გაჩნდა, რომ იმდენად შეცდომები გააკეთეს, რომ იმდენად ამარგინალებენ საკუთარ თავს, რომ გაჩნდა შანსი, რომ „თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ მეორე ადგილზე და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადგილი დაკარგოს და თავისი მინიმალური მიიღოს უკეთეს შემთხვევაში“,-განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას მრავალპარტიული იქნება თუ არა პარლამენტი, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რადგან მისი თქმით, პარლამენტში 5-6 პარტია შევა.
„იმედის“ ბოლო კვლევების მიხედვით, გამოიკვეთა რამდენიმე პარტია. 3-4%-თან იყო ძალიან ბევრი პარტია. ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა „თავისუფალ დემოკრატებს“. ბოლო ორ კვირას რაც მოხდა გარდაქმნები და პირველ რიგში აგონიაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან გამოააშკარავა საკუთარი სახე და გაჩნდა შანსი, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მეორე ადგილზე გავიდნენ.
ასეთი სცენარით „ნაციონალური მოძრაობა“, ალბათ, გავა 5 კაცით, მიიღებს თავის მინიმუმს, არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდაც ვერ შევიდეს. ვნახოთ დარჩენილ 3 დღეში ახალი სისულელეები აჩვენონ. არ გამოვრიცხოთ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩნენ“,-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 5 კაცით მაინც იყოს წარმოდგენილი, რომ ხალხს არ დაავიწყდეს ვინ არიან და რას წარმოადგენენ.
„მრავალპარტიული უნდა იყოს პარლამენტი, ამის მომხრე ვიყავი მუდამ. იმ 100 კაცს, როდესაც ვამბობ საშუალოდ „ქართული ოცნებიდან“, რასაც ვიმეორებ დღესაც მინიმუმ 90 მაქსიმუმ 110-ზეც შეიძლება ავიდეს და კიდეც გადაცდეს. ასეთ შედეგსაც არ გამოვრიცხავ. ეს არ ქმნის საფრთხეს. რჩება იქ ადგილი. დომინანტი პარტია დღეს არის „ქართული ოცნება“ და მე შემთხვევით არ ვუჭერ მხარს. არ მოუწევს „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ოპონირება იქნება გარედანაც, იქნება პარლამენტშიც“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.