მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ, ლევან ცაბაძემ (მეტსახელად, ლეონსიო) სპორტიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და უკვე რამდენიმე წელია ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელია, მის საყვარელ საქმედ იგი მაინც რაგბის ასახელებს და მიაჩნია, რომ „მესხი კაცის საკეთებელი და სათამაშო არის რაგბი“, რადგან „მესხებს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა გააჩნიათ“.
ლევან ცაბაძემ მისი ბრძოლისუნარიანობა ქართულ რაგბიში წლების წინათ დამაჯერებლად დაამტკიცა და ახლა იგივეს პოლიტიკაში ცდილობს. მომავალ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ისევ გამგებლის პოსტზე სურს კენჭისყრა, თუმცა თუ მის პოლიტიკურ გუნდში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს, იგი მზად არის იმ კანდიდატს დაუდგეს გვერდში, ვინც მასზე უკეთ შეძლებს საქმის გაკეთებას, თუმცა მიანიშნებს, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას 8 წელიწადი მაინც სჭირდება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ლევან ცაბაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია „მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში“ და 2012 წელთან შედარებით, როცა „ომი იყო, და არა არჩევნები“, ახლა „აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა“ და ყველა პოლიტიკურ ძალას საარჩევნო კამპანიის თავისუფალ პირობებში ჩატარების საშუალება გააჩნია და „არავის არ დასდევს ძალოვანი სტრუქტურა“.
ცაბაძე ასპინძისა და ბორჯომის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გედევან ფოფხაძის პირველივე ტურში დამაჯერებლად გამარჯვებას ვარაუდობს, რადგან მისი აზრით, ფოფხაძეს სხვა კანდიდატებთან შედარებით გარკვეული უპირატესობები გააჩნია.
Guardian.ge გთავაზობთ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლევან ცაბაძესთან ინტერვიუს, რომელიც 4 ოქტომბერს არის ჩაწერილი.
„პოლიტიკურ სურათს რომ გადავხედოთ, „ქართული ოცნების“ გარდა, რეალური ძალა, სხვა არ ჩანს“.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც არის წარდგენილი ასპინძისა და ბორჯომის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, დამაჯერებლად გაიმარჯვებს“.
„2012 წელთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა ახლა. 2012 წელს ომი იყო, არჩევნები არ იყო“.
23 სოფლიდან 22-ს გზა არ გააჩნდა. რაც იყო, იმას გზას ნამდვილად ვერ დავარქმევ, ცხენით თუ გაივლიდი.
"დაახლოებით, ორ კვირაში ახალი ტრასა შევა ექსპლუატაციაში და მინიმუმ 18-საათიანი წყალმომარაგება იქნება ასპინძაში".
„ნელ-ნელა მუნიციპალიტეტი მიიღებს განვითარებული ევროპული ტიპის დასახლების სახეს, რითაც მერე მე მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ ბოლო-ბოლო აქაც რაღაცის გაკეთება შევძელი“.
„ჩემი საყვარელი საქმე რაგბია. მთელი ცხოვრება ასე იყო და სანამ ცოცხალი ვიქნები, ასე გაგრძელდება. ეს მაქვს შესისხლხორცებული“.
"მიმაჩნია, რომ მესხი კაცის საკეთებელი და სათამაშო არის რაგბი. მესხებს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა გააჩნიათ".
„პირველმა სარაგბო გუნდმა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა კლუბმა „ტაომ“ წარმატებით აიღო სტარტი საქართველოს ჩემპიონატში – დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეროვნულ ნაკრებშიც ძალიან მალე, სულ რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებს“.
„სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობა ტრიბუნებზე დაჯდება ერთი მიზნით, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა „ტაომ“ გაიმარჯვოს.
Guardian.ge: ბატონო ლევან, რამდენიმე დღეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. როგორ შეაფასებდით საარჩევნო პროცესს და მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას? რითი განსხვავდება წლევანდელი პროცესი, სხვა, გნებავთ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდისაგან?
ლევან ცაბაძე: საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში. მე გეტყვით ჩემი მუნიციპალიტეტის მდგომარეობას. აბსოლუტურად არავისთვის არ მითქვამს, რომ ამას უნდა მისცეთ ხმა, ან იმას. საარჩევნო შეხვედრების დროს, მშვიდ გარემოში მიდის დარწმუნება ადამიანების, თუ რატომ უნდა დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“ მხარი. არავის არ ვუშლით საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, არავის არ დასდევს ძალოვანი სტრუქტურა. რაც შეეხება 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა ახლა. 2012 წელს ომი იყო, არჩევნები არ იყო.

წელს გაზაფხულზე, სამცხე-ჯავახეთში, აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი დაიწყო.

მოსახლეობას წელს ნორმალური განწყობა აქვს. რჩება, რა თქმა უნდა, პრობლემებიც - სოციალური სახის. მოსახლეობა მოითხოვს, რომ ეს ტემპი, რა ტემპიც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა საბოლოო ჯამში მიიღოს განვითარებული მუნიციპალიტეტის სახე.
ამ ოთხი წლის მანძილზე უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. წელიწადნახევარში აღარ იარსებებს ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელი, სადაც ნორმალური მისასვლელი გზა არ იქნება. ასე თუ ისე, წყლის პრობლემაც დარეგულირებულია, ერთადერთი, გაზიფიცირება რჩება გადასაწყვეტ საკითხად და ყველა სოფლის მცხოვრებლებს ძირითადად ეგ საკითხი აქვს პრობლემური.
G.: თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" პარლამენტში ადგილების აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს. კერძოდ, მისი ვარაუდით, პარტიული სიით, „ქართული ოცნება“ 48%-დან 54%-მდე მხარდაჭერას მიიღებს, მაჟორიტარულ ოლქებში კი მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს. ივანიშვილი ადრე "ქართული ოცნებიდან" 100–მდე დეპუტატის გაყვანის იმედს გამოხატავდა, ახლა ისიც კი დაუშვა, რომ შესაძლოა ეს რიცხვი 110–მდე ავიდეს. თავად თუ გაქვთ მსგავსი ოპტიმიზმი? ( ბიძინა ივანიშვილი: "მაქსიმუმ 110-ზეც შეიძლება ავიდეს და კიდეც გადაცდეს. ასეთ შედეგსაც არ გამოვრიცხავ").
ლ.ც.: საერთოდ, მე მინდა ვთქვა, რომ ბატონ ბიძინას ჰაერიდან არასოდეს არ მოაქვს სიტყვები. რასაც ვაკვირდები, მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდება. ამ ადამიანს აქვს არაჩვეულებრივი უნარი სწორი ანალიზის გაკეთების. მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე, დაახლოებით, 58-60%-ს აიღებს. 2014 წელს მქონდა თვითმმართველობის არჩევნები, ვხვდებოდით მოსახლეობას, საარჩევნო ფონი ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე 2014 წელს. მართალია, „რუსთავი 2“ ამას არ აღიარებს, მაგრამ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ბევრ მუნიციპალიტეტში. გაკეთდა ისეთი რაღაცები, რაც აქამდე ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა. ამას ხალხი ხედავს. უნდათ, არ უნდათ, ამას ხედავენ. პოლიტიკურ სურათს რომ გადავხედოთ, „ქართული ოცნების“ გარდა, რეალური ძალა სხვა არ ჩანს. სხვისი ლანძღვით მთავრობაში მოსვლა, ცოტა არასწორად მიმაჩნია. ხალხს რეალური შეთავაზება უნდა გაუკეთო. უნდა შესთავაზო ის, რისი გაკეთებაც მართლა შეგიძლია.
G.: ივანიშვილი, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა, მაგალითად კახა კალაძე, აცხადებს, რომ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება. თქვენი აზრით, არის თუ არა მოსალოდნელი მე–2 ტური ასპინძისა და ბორჯომის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში?
ლ.ც.: არა, მე ვთვლი, რომ ეს გამორიცხულია. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც არის წარდგენილი ასპინძისა და ბორჯომის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ჩვენი კანდიდატია გედევან ფოფხაძე. ამ არჩევნების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტია ერთ ოლქში გაერთიანებული და ძირითადად მეზობელი მუნიციპალიტეტიდან წარდგენილ კანდიდატს მეორე მუნიციპალიტეტში არ იცნობენ. აი, ეს პრობლემა ჩვენი კანდიდატის შემთხვევაში მოხსნილი არის იმიტომ, რომ გედევან ფოფხაძე ცნობადი სახეა. არის მოაზროვნეთა კლუბის წევრი, საიდანაც მას ეს ცნობადობა აქვს და ჩვენ პირდაპირ საარჩევნო კამპანიაზე გადავედით. ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველანაირი პრობლემა მოხსნილია. ასევე ცნობილი სახეა ზურა ხაჩიძეც, რომელიც ამ ოლქში იყრის კენჭს და არის გედევან ფოფხაძის ოპონენტი. მაგრამ ხაჩიძე მაინც ცნობილია, როგორც ესტრადის ვარსკვლავი და არა როგორც პოლიტიკოსი. გედევან ფოფხაძეს უპირატესობა აქვს.
G.: ასპინძის გამგებლის პოსტზე რამდენიმეწლიანი საქმიანობის შემდეგ, თავადაც ხომ არ გაგჩენიათ სურვილი პარლამენტში გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა? თქვენი რამდენიმე, უკვე ყოფილი კოლეგა მაგალითად, კენჭს იყრის პარლამენტში, მათ შორის სამცხე–ჯავახეთიდან, ახალციხის ყოფილი მერი, გიორგი კოპაძე, ასევე ხარაგაულის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ბოლნისის მუნიციპალიტეტების ყოფილი გამგებლები.
ლ.ც.: იცით რაშია საქმე? ჩემი გამგებლობის პერიოდში დიდი გამოცდილება დავაგროვე. ეს შეიძლება მაგ კუთხითაც წაადგეს ჩემს ქვეყანას, მაგრამ მე აქ წამოვიწყე უამრავი პროექტი, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყვანა. საერთოდ, მე არ მჩვევია რაღაცების შუა გზაზე მიტოვება. უპრიანი იქნებოდა, ეს ყველაფერი დამემთავრებინა და მერე მეფიქრა სხვა რამეზე – პარლამენტი იქნება თუ ა.შ. აქედან გამომდინარე, ასეთი აზრიც კი არ გამივლია თავში. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ადამიანმა რომ მოასწროს თავისი თავის რეალიზება, თავისი აზრების გადატანა რეალობაში, დაახლოებით, 8 წელი სჭირდება. 8 წლის შემდეგ კი ეს თემა იწყებს მობეზრებას. ბეზრდება პიროვნებასაც და ხალხსაც. აქედან გამომდინარე, ეს არის მიღებული, რომ 8 წელი არის საჭირო იმისთვის, რომ განახორციელო ის, რაც გაქვს ჩაფიქრებული და რაც გსურს. რა მიმართულებაც მაქვს აღებული, ამას სჭირდება კიდევ რამდენიმე წელი.

ყველაზე რთული პრობლემები უკვე მოგვარებულია, დანარჩენი, თითოეული სოფლის პრობლემებს ჩავწვდებით სიღრმისეულად და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. ნელ-ნელა მუნიციპალიტეტი მიიღებს განვითარებული ევროპული ტიპის დასახლების სახეს, რითაც მერე მე მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ ბოლო-ბოლო აქაც რაღაცის გაკეთება შევძელი.
G.: ასპინძაში, მიმდინარე წელს რა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეძელით?
ლ.ც.: ასპინძის მუნიციპალიტეტში დამხვდა ისეთი სახის პრობლემები, რომელიც 21-ე საუკუნეში უბრალოდ სირცხვილია. სამწუხაროდ, რეალობა ასეთი იყო. საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. 23 სოფლიდან 22-ს გზა არ გააჩნდა. რაც იყო, იმას გზას ნამდვილად ვერ დავარქმევ, ცხენით თუ გაივლიდი. დანარჩენი საშინელება იყო. ეს პრობლემა, ფაქტობრივად, გადავჭერით.

მუნიციპალიტეტს ჰქონდა ასევე სასმელი წყლის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. დაახლოებით, ორ კვირაში ახალი ტრასა შევა ექსპლუატაციაში და მინიმუმ 18-საათიანი წყალმომარაგება იქნება ასპინძაში. ბიუჯეტი რაც იყო, ძირითადად ხელფასებში მიდიოდა. დღესდღეობით ჩვენ რაღაც-რაღაცები მოვახერხეთ, დავძარით მდგომარეობა და წინსვლა გვაქვს, რაც ძალიან მიხარია და ხალხსაც მოსწონს და კმაყოფილია. გამომდინარე იქედან, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა და სასმელი წყალი იყო, პრიორიტეტულიც რა თქმა უნდა, ამ მხრივ იყო სამუშაოების ჩატარება.
G.: მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თუ ფიქრობთ? კვლავ იყრით თუ არა გამგებლის პოსტზე კენჭს?
ლ.ც.: იცით რაშია საქმე? ამას, ჩემი ოთხი წლის ნამუშევარს, შეაფასებს ის გუნდი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც ვარ მე ამ მუნიციპალიტეტში. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მე საჭირო ვარ და სჭირდებათ მათ ჩემი თანადგომა, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი. თუ ჩათვლიან, ვიღაც კიდევ უფრო მეტს შეძლებს, მე ტაშს დავუკრავ, გავიწევი და დავეხმარები, თუ რამით შემეძლება.
G.: თქვენ პოლიტიკური საქმიანობა რაგბიში წარმატებული კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყეთ, თუმცა რაგბის განვითარებაზე ზრუნვა არ დაგისრულებიათ. რამდენად შეუწყობს ხელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანას და პოპულარიზაციას მიმდინარე წლის მაისში, თქვენი ინიციატივით დაფუძნებული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მხარდაჭერილი პირველი სარაგბო გუნდი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კლუბი "ტაო"? რა პირველი შედეგებია გამოკვეთილი ამ ეტაპზე და რას მოელით მომავალში?
ლ.ც.: ჩემი საყვარელი საქმე რაგბია. მთელი ცხოვრება ასე იყო და სანამ ცოცხალი ვიქნები, ასე გაგრძელდება. ეს მაქვს შესისხლხორცებული. მე მიმაჩნია, რომ მესხი კაცის საკეთებელი და სათამაშო არის რაგბი. მესხებს განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა გააჩნიათ.

ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა მოვახერხეთ ამ საქმის წამოწყება ამ რეგიონში და ძალზედ საინტერესო თემა არის, თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნული, რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. კიდევ ის მიხარია, რომ „ტაოს“ გარშემო მოხდება კონცენტრაცია პატრიოტი ქართველების, პატრიოტი მესხების. ჯანსაღი ახალგაზრდებით იქნება სავსე ჩვენი რეგიონი და ბევრი რამის გაკეთება იქნება შესაძლებელი მათთან ერთად. ამით ვარ ამაყი და ამიტომ მიხარია.


„ტაომ“ წარმატებით აიღო სტარტი საქართველოს ჩემპიონატში. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეროვნულ ნაკრებშიც ძალიან მალე, სულ რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ისინი ხელს შეუწყობენ სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას რეგიონში – ჩათვალეთ, რომ ეს საფუძველი და საყრდენი გახდება მესხეთ-ჯავახეთის. აქ ცოტა სხვანაირი სტრუქტურა აეწყო ახლა. საბავშვო გუნდები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავდა, მაგრამ აქ ბავშვები იფანტებოდნენ, ვისაც საშუალება ჰქონდა თბილისში მიდიოდა. ახლა ამის პრობლემა აღარ გვექნება, საუკეთესოებს შევინარჩუნებთ და რაც მთავარია, ეს გუნდი, იქედან გამომდინარე, რომ რეგიონი 6 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რაღაცნაირად შეკრავს ამ მუნიციპალიტეტებს და დააახლოვებს. ჩვენ მოგვიწევს სერიოზული მატჩების თამაში, სადაც ამ ექვსივე მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობა ტრიბუნებზე დაჯდება ერთი მიზნით, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა „ტაომ“ გაიმარჯვოს. ასეთი ბრძოლა ხალხს ძალიან აახლოვებს. ფაქტობრივად, რეგიონი გაერთიანდება და აღარ ჩათვლიან, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან. ისინი უკეთ გაიაზრებენ, რომ ერთი რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები არიან და მათ აქვთ ერთი მიზანი - ამ კუთხის აყვავება და საერთო ჯამში, ეს კარგ შედეგს მოგვცემს ყველა კუთხით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.