საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
მთავარი განსახილველი საკითხი ვიზის ლიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცედურები იყო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის, სოციალისტების ჯგუფის, ასევე ევროპარლამენტის საგარეო და მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების წევრებთან.
შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით.
ევროპარლამენტარებმა მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს დარჩენილი პროცედურების წარმატებით დასრულებაში და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ახლო მომავალში შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას.
აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა მათ შორის შეჩერების მექანიზმის ახალ რედაქციაზე, რომლის დამტკიცების შემდგომ იგი გავრცელდება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმში მყოფ ყველა სახელმწიფოზე.
ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო ლიდერი სახელმწიფოა რეგიონში ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებით სამაგალითო პარტნიორია. მათი თქმით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში და წარმოადგენს რეგიონში ასოცირების პროცესის წარმატებულ ნიმუშს, რაც სათანადოდ უნდა აისახოს საქართველოსთან შემდგომ თანამშრომლობაზე და ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე.
შეხვედრაზე ევროპარლამენტარები ასევე მიესალმნენ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის დემოკრატიულად მიმდინარეობას და იმედი გამოთქვეს, რომ საარჩევნო პროცესი ასეთივე მაღალი სტანდარტებით წარიმართება.
სტრასბურგში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ევროკავშირის საბჭოს მოქმედ თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის სახელმწიფო მინისტრს, ივან კოვაკს. შეხვედრაზე სლოვაკეთის მხარემ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირში სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში წარმატებით დასრულდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 3-5 ოქტომბერს ბელგიასა და საფრანგეთს ეწვია. მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში მონაწილეობს ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ დაგეგმილ დისკუსიაში აღმოსავლეთ პარტნიორობაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ხვდება ევროპარლამენტარებსა და კოლეგა მინისტრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.