საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
„ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
დღეს, 2016 წლის 5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას, ევროკავშირში მოგზაურობისას დარჩნენ 90 დღე 180 დღის განმავლობაში და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მიანიჭა მანდატი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების გასამართად ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის ძალაში შესვლა და ახალი "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.
ამ მანდატის საფუძველზე სლოვაკეთი, თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
"საბჭომ დღეს საქართველოს რეფორმების გათვალისწინებით, აჩვენა თავისი მძლავრი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. თავმჯდომარეს სჯერა, რომ დამაჯერებელი რეფორმები არის მართებული და წახალისებული. ჩვენ იმედს ვამყარებთ ევროპის პარლამენტის მხარდაჭერაზე აღნიშნული პროცესის იმგვარად დასრულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ უვიზო მიმოსვლის საშუალება რაც შეიძლება მალე", – განაცხადა პიტერ ჯოკოვიჩმა, სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში და მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.