„ნენსკრა ჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის (ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი) მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი.
„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს, ასევე სასაწყობე/საოფისე შენობებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
საოპერაციო სოფელში „ნენსკრა ჰესის" მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა ჰესის საკუთრებაში დარჩება.
ამ დროისთვის საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს დამატებით გეოლოგიური კვლევები. ამჟამად ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე საერთო ჯამში დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივი.
„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და გარემოს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, ამ მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გაურკვევლობა, რომელიც მოსახლეობაში არსებობდა ამ პროექტის მიმართ, თითქმის ამოწურულია. ადგილზე მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოსახლეობას შეუძლია მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე პასუხის მიღება. შესაბამისი კონტროლი ხორციელდება სამშენებლო სამუშაოების და გარემოს დაცვის უსაფრთხოების კუთხით. დღესდღეობით ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სამუშაოებზე, ეს რაოდენობა ჰესის ძირითადი სამუშაოების დაწყების შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დაცულია სამუშაოებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებაც, უზრუნველყოფილია მათი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.
სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo ახორციელებს, რომელსაც ინვესტორთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს აღებული გარემოს უსაფრთხოებაზე.
მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხრიდან მოწვეული Mott Macdonald, შვეიცარული და იტალიური საინჟინრო კომპანიები Stuky და Lombardi.
"ნენსკრა ჰესის" პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარამდეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.