თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას ახლო მომავალში მიიღებს.
მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული პირის დასაკავებლად.
„ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ, თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას და სავარაუდოდ, სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში. ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე ძებნის ოპერაცია, ასე, რომ საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლო მომავალში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია. იდენტიფიცირებულია ხსენებულ დანაშულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი. როგორც საზოგადოებას აქამდე ეცნობა, საგამოძიებო ჯგუფის მიერ შემთხვევიდან უმოკლეს დროში დაიწყო პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; დაიკითხა ათეულობით მოწმე; შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის მიხედვით ამოღებული იქნა გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები; ასევე, ჩატარდა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. სწორედ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა გამოძიების მიერ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.
ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს. რაც შეეხება გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირს, მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.