4 ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე, პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ყოფილი პრემიერის თქმით, საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებში დააყენა.
„მოგილოცავთ, მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ და, რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩვენი გამარჯვება, აბსოლუტურად, ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. 5 წლის წინ დავიწყეთ ჩვენ. გავიხსენოთ როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო. პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა ჩვენს საზოგადოებასთან და ხალხთან ერთად. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია“,-აღნიშნა ივანიშვილმა.
ექს პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გაუგებარი ხელისუფლების ნაცვლად, ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ჰყავს.
„ჩვენი პრობლემაა ეკონომიკა, გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისათვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს, ნაცვლად, იმ გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილი, ნაცვლად, იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ დღეს გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, თქვენ გყავთ გენიალური ლიდერი, კაცი რომელიც, არათუ პატიოსნებაზე, ზნეობაზე დებს პრეტენზიას და აქვს ამის ყველანაირი საფუძველი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ჩვენს საზოგადოებას, მათ განსაკუთრებით, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი არჩევნებში. ისინი არ შემცდარან, არაფერი არ წაგიგიათ და არ შემცდარხართ, თქვენ ნამდვილად, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგყავთ. თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური კამანდა. გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდება“,-განაცხადა ივანიშვილმა.
ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნა ოთხმა ტელეკომპანიამ - „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და GDS–მა. აღნიშნული ეგზიტ პოლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 53,8%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%; „პატრიოტთა ალიანსი“- 5%; „ლეიბორისტული პარტია“- 3,1%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2,7%; „რესპუბლიკური პარტია“ - 2,7%; „დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,3%; „ეროვნული ფურუმი“ - 0,8%; „მრეწველები“ - 0,6%; სხვა პარტიები -5,5%.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კი გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ გამოაქვეყნა ეგზიტ პოლის პირველადი შედეგები. აღნიშნული ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 39, 9%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 32, 74%; „პატრიოტთა ალიანსი“- 5, 76%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3, 25%; „თავისუფალი დემოკრატები“- 3, 21%; „ლეიბორისტული პარტია“- 4, 21%; „დემოკრატიული მოძრაობა“- 2, 81%. ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში 8, 12% მოაგროვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.