ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე პოტენციურ ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„თავის დროზე რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლება იყო ფოთის პორტის მფლობელი, რომელიც მათ შემდგომში გაყიდეს. თავად თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ასევე ფოთის აეროპორტი იყო კლასტერული ხედვა, რომელიც გააჩნდა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლებას. მას მერე, რაც ფოთის პორტი გაიყიდა, ინვესტიციები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ფოთის აეროპორტში და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, აღარ განხორციელდა და ეს იყო ლოგიკური“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოტივით მოხდა ფოთის თიზ-ის 85 პროცენტისა და სს „ფოთის აეროპორტის“ დაბრუნება სახელმწიფოსთვის.
„რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოსთან და ზოგადად, რას ალ ხაიმასთან ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ჯგუფი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელი საქართველოში, მაგალითად, ეს არის სასტუმრო „შერატონი“, სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება და ეს არის 30 მილიონი დოლარი. განახლებული „შერატონი“ ჩვენ გვექნება წლის ბოლოსთვის. ასევე „თბილისი მოლი,“ სადაც კომპანია ფიქრობს გაფართოებას და ინვესტიციების განხორციელებას. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც გააჩნია კომპანიას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის განხორციელდა ურთიერთშეთანხმებული ქმედება, რისიც, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ინვესტორიც ძალიან მადლიერია და აქტიურად აგრძელებს ინვესტიციებს თავის მიმდინარე პროექტებში.
„შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ფოთის თიზ-ის მფლობელთან, მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფომ დაიბრუნა ეს აქტივი, რომელიც, ჩემი პირადი შეხედულებით, სადღაც 100-დან 150 მილიონ ლარამდე უნდა ღირდეს. შესაბამისად, დავიბრუნეთ 300 ჰექტარზე მეტი ფართობის ინდუსტრიული ზონა და დაახლოებით 150 ჰექტარი ფოთის აეროპორტის ტერიტორია. ეს ქონება დავიბრუნეთ სწორედ იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი, სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს ინდუსტრიული ზონა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი და მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ფოთის თიზ-ისა და ფოთის აეროდრომის განვითარებისთვის უკვე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან. „არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სახელმწიფო მუშაობს ძალიან მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან და თუ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკება, უახლოეს მომავალში გეტყვით ამ კომპანიის სახელსაც. 600 მილიონის ინვესტიციაზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანი არის ის, რომ თიზ-ი და ფოთის აეროდრომი გამოყენებული იყოს როგორც ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის იმპლემენტაციის ინსტრუმენტი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს საქართველოში აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რაც კიდევ უფრო გამყარდა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. „საქართველო დღეს არის უნიკალურ მდებარეობაზე უნიკალური შესაძლებლობებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს წვდომა როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის ბაზარზე, საკმაოდ კარგი ლოჯისტიკით. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიის განვითარება და მის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვა იქნება წარმატებული“- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.